გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობის პარალელურად თელავში, ქუჩების უმეტესობაზე ასფალტის საფარი თითქმის მთლიანად განადგურდა. მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო გართულებული იყო საგზაო მოძრაობა ქალაქის მთავარ გამზირებზეც.

როგორც ,,აიპრესს,, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 15 მლნ ლარზე მეტი იხარჯება. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 30-მდე ქუჩისა და შიდა საუბნო გზის მოწყობა მიმდინარეობს როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში.

მათ შორის თელავში მიმდინარეობს გოშაძის, მაგამედოვის, ამირეჯიბის, გოძიაშვილის, მუსხელიშვილის, ქლუხორის, სარაჯიშვილის, ახმეტელის, ბესიკის, ზაქარიაძის, დოლიძის, თეიმურაზ ბაგრატიონის, მთვარელიშვილის, არჩილ II-ის, ვატიას ქუჩების რეაბილიტაცია.

"2024 წლის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის, თელავის მუნიციპალიტეტში, ჯამურად 15 006 801 ლარია გამოყოფილი, საიდანაც 7 830 950 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტია, ხოლო 7 175 851 ლარი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებაა. გარდა ამისა, 514 860 ლარია გამოყოფილი ორმოულების ეკრანული შეკეთებისათვის, ხოლო 366 140 ლარი დაიხარჯება გზების დახაზვისა და რეაბილიტაციის შემდგომ, პროექტისათვის სრულყოფილი სახის მიცემისათვის(საგზაო ნიშნების მოწყობა). წლის ჭრილში გათვალისწინებულია 40-ზე მეტი საგზაო პროექტი, როგორც თელავში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში. ათეულობით პროექტი უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე მუშაობა პარალელურ რეჟიმში 26 სხვადასხვა ქუჩაზე (სოფლებში შიდა საუბნო გზებზე) მიმდინარეობს. ,, - განაცხადეს მერიაში.

თელავში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებიდან აღსანიშნავია ჭავჭავაძის გამზირის, ასევე რუსთაველის ქუჩისა და თბილისის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია.

,,მიმდინარე პროექტებიდან გამორჩეულია თელავის ერთ-ერთი ცენტრალური, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რომელიც 1083მ სიგრძის გზაზე ხორციელდება. პროექტის ჯამური ღირებულება 2 081 479 ლარს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. რაც შეეხება თბილისის გზატკეცილსა და რუსთაველის ქუჩას, აღნიშნულ პროექტს საქართველოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.,, - ამბობენ მერიაში.