ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური გამოცემა teraz-ი ავრცელებს.

პარასკევს, ბრატისლავაში წმინდა კირილესა და მეთოდის დღის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ ცერემონიაზე ფიცომ გააკრიტიკა „ლიბერალური იდეოლოგია" და მიესალმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის  უკრაინაში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ ქმედებებს.  

პრემიერ-მინისტრის თქმით, ლიბერალური იდეოლოგიებისგან თავდაცვის ფარგლებში, მათ წინააღმდეგ ძლიერი ბარიერის ასაშენებლად შესაძლოა, პოლიტიკური შეთანხმების მოძიება და სლოვაკეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა გახდეს საჭირო.  

„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ავაგოთ უზარმაზარი ბარიერი უაზრო, პროგრესული და ლიბერალური იდეოლოგიების წინააღმდეგ, რომლებიც სიმსივნის მსგავსად ვრცელდება" და „პირდაპირ წინააღმდეგობაშია სლოვაკეთის რესპუბლიკის კონსტიტუციასთან".  მე არ მსურს გუშინწინ შექმნილი იდეოლოგების თუ „მოდური ტენდენციების“ შესაბამისად კონსტიტუციის ან კანონების შეცვლა, - განაცხადა ფიცომ და მსმენელს შეახსენა, რომ ქორწინების განმარტება კონსტიტუციაშია დაფიქსირებული.

ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, რაც დღეს ხდება სლოვაკეთსა და ევროპაში. „ევროპა და სლოვაკეთი არასოდეს ყოფილან ისეთი გაბრაზებული, როგორც ახლა”, - თქვა ფიცომ.

მან ყველას მიულოცა წმინდა კირილესა და მეთოდის დღესასწაული, რომელიც, მისი თქმით, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია და დაფიქსირებულია სლოვაკეთის ისტორიაში.

„მეცხრე საუკუნეში აქ მცხოვრები ხალხი ჩვენი წინაპრები იყვნენ და ჩვენ მათი შთამომავლები ვართ. ამის შესახებ არავინ არ შეიძლება სპეკულირებდეს და გთხოვთ, მკაცრად დავიცვათ სლოვაკეთის და სლავური ისტორიის ეს ფანტასტიკური უწყვეტობა, ჩვენ ვერ დავკარგავთ მას ვერავითარ შემთხვევაში", - განაცხადა ფიცომ და წმინდა კირილესა და მეთოდის სულიერი მემკვიდრეობა აღწერა როგორც დიდი ხე, რომელიც რწმენის, სიკეთის, სიბრძნისა და მიმტევებლობის გზავნილით თორმეტი საუკუნის განმავლობაში ახდენს ზეგავლენას სლოვაკეთში მცხოვრებ ადამიანებზე.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღფრთოვანება გამოხატა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის კიევში და მოსკოვში ჩასვლის გამო. 

„თუ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მომცემს საშუალებას, ძალიან მსურს მას შევუერთდე. სამშვიდობო მოლაპარაკებები, სამშვიდობო ინიციატივები არასდროს არის საკმარისი", „თუ უახლოეს დღეებში და თვეებში რამეს არ მოვიმოქმედებთ, უკრაინაში შექმნილი ვითარება შეიძლება გამოვიდეს კონტროლიდან და გავხდეთ უკონტროლო სამხედრო კონფლიქტის მოწმენი", - განაცხადა რობერტ ფიცომ.