"ვფიქრობ რომ კულტურული თვალსაზრისით საქართველო ძალიან მდიდარია. უნდა ეწვიოთ და დაათვალიეროთ, არა მხოლოდ, დედაქალაქი, არამედ მთელი საქართველო. მესამე მიზეზი, რის გამოც საქართველოში უნდა ჩამოვიდეს ადამიანი თქვენი სამზარეულოა თავისი განსხვავებული კერძებითა და მომზადების წესებით." - ასე აფასებს ცნობილი ბელგიელი შეფ- მზარეული, ბელგისში ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის "Table Conviviale" -ის მეპატრონე მაქსიმ რენარი საქართველოს და ქართულ გასტრონომიას.
მაქსიმი საქართველოში ფრანკოფონიის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში იმყოფებოდა, სადაც არაერთი მასტერკლასი ჩაატარა ქართველი აუდიტორიისთვის. "აიპრესმა" მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
მაქსიმ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში! უპირველეს ყოვლისა, მოხარული ვარ თქვენი გაცნობის და მადლობას მოგახსენებთ შესაძლებლობისთვის, ჩავწერო თქვენთან ინტერვიუ.
მადლობა თქვენ
და რა თქმა უნდა, ჩემი პირველი შეკითხვა შეეხება გასტრონომიას, რასაც ეძღვნება ამ წლის ფრანკოფონია და შესაბამისად, ფრანკოფონიის კვირეული საქართველოში.
თქვენ უკვე ჩაატარეთ რამდენიმე მასტერკლასი, რომლის საშუალებითაც შეეცადეთ ბელგიური გასტრონომიის თავისებურებანი გაგეცნოთ ქართველი აუდიტორიისთვუს. როგორია თქვენი პირველი რეაქცია ქართველებზე? ქართულ პუბლიკაზე ?
ქართველებმა განსაკუთრებით თბილად მიგვიღეს და პირველ რიგში მინდა აღვნიშნო თქვენი სტუმართმოყვარეობა. მასტერკლასზე მე მყავდა როგორც მოზარდები, ასევე ზრდასრულები, რომლებიც გამოხატავდნენ დიდ ინტერესს და იყო უამრავი საინტერესო შეკითხვა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რადგან ჩვენ ვართ განსხვავებული კულტურების წარმომადგენლები. ჩემი მხრიდან, მეც ბევრი ვისწავლე და იმედი მაქვს, რომ მათაც ბევრი ვასწავლე.
რა ისწავლეთ ქართველი შეფ-მზარეულებისგან?
მე უკვე ვნახე უმაგრესი ქართული გასტრონომიის მცირე ნაწილი. ქართველები ძალიან, ძალიან ამაყობენ თავიანთი გასტრონომიით და სრულიად სამართლიანად! ეს ძალიან სასიამოვნოა. ამ ყველაფრის ნახვა ახლოდან ძალიან შთამბეჭდავი იყო.
თქვენ პირველად ხართ საქართველოში. ადრე თუ იცნობდით ჩვენს სამზარეულოს ? რას ფიქრობთ მასზე ? ყველაზე მეტად რა მოგეწონათ ქართულ სამზარეულოში ? რომელი კერძები გასინჯეთ ?
ცოტა მიჭირს ქართული კერძების სახელების დამახსოვრება. ძალიან გემრიელი ყველი გაქვთ, ასევე ქათმის და ხორცის კერძებია სასწაული. ვიმედოვნებ, სისულელეს არ ვიტყვი, როგორ ჰქვია იმ კერძს როგორც რავიოლი ისეთი რომ არის, პატარა ცომის ნაკეცებით ?
ხინკალი ?
კი, ესაა უგემრიელესი კერძი. და იმ ყველს რა ქვია? მოცარელას რომ გავს?
სულგუნი?
კი, აი ზუსტად ეგ.
და იმ დესერტს რა ქვია გრძელი რომ არის ნიგვზითა და ყურძნის წვენით?
ჩურჩხელა?
კი, კი ჩურჩხელა, რომელიც არის ძალიან, ძალიან გემრიელი, არც ზედმეტად ტკბილი და ასევე ნოყიერი.
ასევე გაქვთ, ჩვენგან განსხვავებული, მაგრამ ძალიან გემრიელი ღვინო. იგრძნობა რომ ესაა ღვინის სამშობლო. ყველა სახის ღვინო, როგორც მსუბუქი ასევე მძიმეც, რომელიც მე გავსინჯე ყველა გემრიელი იყო. ქართული სამზარეულო მართლაც რომ საუკეთესოა.
როგორ ფიქრობთ, გურმანობაში ვგავართ ქართველები და ბელგიელები ერთმანეთს?
კი საკმაოდ ვგავართ. ბელგიელებთან დიდი მსგავსება გაქვთ, რადგან ჩვენც თქვენსავით სტუმართმოყვარეები ვართ. აქ მქონდა ისეთი ემოციები, რომელსაც განვიცდი ჩემს ოჯახში მაგალითად. ჩვენც გვიყვარს ერთად შეკრება, როდესაც ვაგემოვნებთ სხვადასხვა კერძს და ვუზიარებთ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს. ესაა ჩვენი საერთო თვისება. ამ პერიოდში როდესაც ვინოტელში ვმუშაობდი, მეც გამასინჯეს უამრავი ჩემთვის უცხო კერძი და ასევე, მეც ვაგემოვნებინებდი ყველას იმას რასაც ვამზადებდი. ჩვენი საერთო თვისებაა გაზიარების სიყვარული და სტუმართმოყვარეობა.
თქვენ ცნობილი ხართ საკუთარი კონცეფციით, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, სამზარეულოში საკვების დანაკარგის წინააღმდეგ იბრძვით. ქართველები ამ მხრივ, დიდი მომჭირნეობით არ გამოვირჩევით. შეგიძლიათ ამ თემაზე უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ ?
ეს ის თემაა, რომელიც ბელგიაშიც არ არის ჯერ კარგად განვითარებული და დანერგილი. ესაა ჩემი ფილოსოფია, მაგრამ მე არ ვარ ერთადერთი შეფი, რომელიც ამ მიდგომას იყენებს. ამ საკითხზე კიდევ ბევრია სამუშაო. საკვების დანაკარგის თავიდან აცილებას ჩემთვის ორი მიზანი აქვს: პირველი მიდგომა არის წმინდა ეკოლოგიური, რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენების წარმოქმნა და მეორე პუნქტი არის ფინანსურ მოგებასთან კავშირში, ნაკლები საკვების დანაკარგი ნიშნავს, რომ კერძი მაქსიმალურად მოგებიანია, ეს აგრარურ უნივერსიტეტშიც ავხსენი ტრენინგის დროს.
თქვენი საქართველოში ვიზიტის შემდეგ ხომ არ გეგმავთ რამეს ქართველ შეფებთან ერთად ? ქართულ რესტორნებთან ერთად ? ანუ თუ გაქვთ იდეა რომ ქართული კერძები ბელგიაში შეიტანოთ ?
ფაკულტეტზე საჩუქრად გადმომცეს ძალიან კარგი წიგნი, შევეცდები მოვამზადო ქართული კერძები აქ მოცემული რეცეპტების მიხედვით, ბელგიური ინგრედიანტებით, ვნახოთ რა შედეგს მივიღებ. ჩვენ აუცილებლად დავრჩებით კონტაქტზე ქართველ შეფებთან, რაზეც გუშინ უკვე ბევრი ვისაუბრეთ მეილითა და მესენჯერის მიმოწერებით. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და მეც დავბრუნდები საქართველოში და თქვენი შეფებიც ჩამოვლენ, რომელთაც დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლებ.
მეც მიმასპინძლებთ ?
რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა !
ბელგიაში რომ გკითხონ დაასახელოთ სამი რამ, რის გამოც საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ, რას ეტყოდით?
საოცარი სტუმართმოყვარეობა და ქვეყნის სილამაზე, იმის მიუხედავად, რომ მე მხოლოდ თბილისი ვნახე. ვფიქრობ რომ კულტურული თვალსაზრისით საქართველო ძალიან მდიდარია. უნდა ეწვიოთ და დაათვალიეროთ, არა მხოლოდ, დედაქალაქი, არამედ მთელი საქართველო. მესამე მიზეზი, რის გამოც საქართველოში უნდა ჩამოვიდეს ადამიანი თქვენი სამზარეულოა თავისი განსხვავებული კერძებითა და მომზადების წესებით. ასევე, საოცარი ადამიანები და ხალხი ხართ !
არის იმის შანსი რომ ერთ დღეს თქვენს რესტორანში კლიენტებმა აღმოაჩინონ ქართული კერძი ?
თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა კი ! ორი სამი კერძის ცდა მინდა, რომელიც აქ ვნახე. საქართველოში აღმოვაჩინე ისეთი რაღაცები, რაც ადრე არ ვიცოდი, მაგალითად ხარშვის ტექნიკა. ასევე, თქვენი პური ძალიან გემრიელია. წავიკითხავ რეცეპტების წიგნს, შევეცდები მსგავსად გავაკეთო 2-3 კერძი, რომელიც აქ ვნახე და შემდეგ უკვე აუცილებლად შევიტან ჩემს ახალ მენიუში ერთ ქართულ კერძს მაინც. თქვენი ჩამოსვლისთვის, ალბათ მზად იქნება.
კიდევ ერთხელ გმადლობთ დათმობილი დროისათვის და ვიმედოვნებ, რომ შემდეგი ჩვენი შეხვედრა შედგება თქვენს რესტორანში.
აუცილებლად! გელოდებით!