ნახეთ, რა აბსურდულ მოცემულობაში ვართ - მურუსიძე არის გაცილებით გავლენიანი, ვიდრე მთელი საპარლამენტო უმრავლესობა, როგორ ვესაუბრო მათ სასამართლო რეფორმაზე?, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ლელოს" გადაწყვეტილებას, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე შეხვედრას არ დასწრებოდა.

„დღეს გვთავაზობდნენ, ჩამონათვალში იყო, საპარლამენტო ზედამხედველობაზე საუბარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობას საპარლამენტო უმრავლესობა მართავს. ამაზე სასაუბროდ გვეპატიჟებიან პაპუაშვილი და სხვა უმრავლესობის წარმომადგენლები, რომლებსაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ პრემიერ-მინისტრს უცვლის ბიძინა ივანიშვილი ეს ხალხი ნომინალურად იკავებს პოზიციას, რასაც იკავებს, მათ არავინ არაფერს უთანხმებს და აბსურდში უნდა მივიღო მონაწილეობა, რომ პაპუაშვილთან ვიმსჯელო საპარლამენტო ზედამხედველობაზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე განმარტებით, „სისულელედ მიაჩნია“ დროის „ფუჭად ფლანგვა“.

„მეც და ჩემს კოლეგებს „ლელოში“ სისულელედ მიგვაჩნია დროის ფუჭად ფლანგვა. დრო არის ძვირფასი რესურსი, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საქმე. ჩვენ ზუსტად ვიცით ევროკავშირის მოთხოვნები როგორ უნდა შესრულდეს. ჩვენ გაწერილი გვაქვს კონკრეტული გეგემა. 9 პუნქტი, რომელსაც გვიყენებენ იმისთვის, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები, შეუსრულებელი პუნქტების გადამღერებული ვერსიაა. რომ შეესრულებინა „ქართულ ოცნებას“ 12 პუნქტი, არც იქნებოდა არანაირი ახალი დათქმები. მანამდე არ შეასრულეს მიშელის შეთანხმება, სადაც ჩადებული იყო ბევრი რამ, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემდა, რომ გვქონოდა  სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად და უკვე მოლაპარაკების პროცესში ვყოფილიყავით. ამ ყველაფერზე „ქართულ ოცნებას“ ეკისრება სრული პასუხისმგებლობა. ვთქვათ, დაიქირავეთ მუშა და არ გააკეთა თავისი საქმე, მეორეჯერ იმავე მუშას იმავე საქმეს ხომ არ დაავალებთ, ასეა დღევანდელი ხელისუფლება და ევროკავშირის მოთხოვნებიც. ჰქონდა 12 პუნქტი, აქედან 9 არ შეასრულეს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.