"დღეს შევხვდით ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს, საუბარი შეეხო ძალიან ბევრ მნიშვნელოვან თემას და მათ შორის, რა თმა უნდა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მის პატიმრობას. საარჩევნო კამპანია იწყება და არ შეიძლება ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერი იყოს ციხეში გამოკეტილი და ამავდროულად ამ არჩევნებს ეწოდოს თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებული არჩევნები." - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
"ჩვენ გვქონდა მოკლე პრეზენტაცია, იმასთან დაკავშირებით, თუ რას აპირებს ივანიშვილის პარტია. როგორ აპირებენ გაყალბებას კონკრეტული უბნების მიხედვით, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში. მთელი ამ ბოლო 12 წლის განმავლობაში, რა ტიპის სქემები შეიმუშავეს იმისათვის, რომ 95-96% მიიღონ ხოლმე იმ ფონზე, როდესაც თითქმის 100% არის გამოცხადება ამ კონკრეტულ უბნებზე.
რა თქმა უნდა, ჩვენც, ჩვენის მხრივ, მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი გაყალბება არ ხდებოდეს და დავიცვათ ხმები. მაგრამ მათი მხრიდან, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან დაკვირვება, მონიტორინგი ამ პროცესებზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
საუბარი ცხადია შეეხო მიხეილ სააკაშვილის, მესამე პრეზიდენტის პატიმრობას. კამპანია იწყება, არჩევნები კარს მოგვადგა და მთავარი ოპოზიციონერი არის ტყვეობაში, იზოლირებული ციხეში. ასე ჩატარებული არჩევნები, რა თქმა უნდა, ვერ დააკმაყოფილებს თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნების ელემენტარულ სტანდარტსაც კი! ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს კოლეგებს ევროპიდან, მაგრამ ამაზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავაკეთეთ აქცენტი.
ასევე, მათ აინტერესებდათ ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, როგორ ხედავს ჩვენი პარტია საქართველოს მომავალს. რა იქნება ჩვენი გეგმები ეკონომიკასთან დაკავშირებით, სად და როგორ წარმოგვიდგენია საქართველო 5-6 წლის შემდეგ. ანუ როგორ გავატარებთ იმ რეფორმებს, რაც არის 9 დათქმაში და როგორ დავუახლოვდებით ევროკავშირს. როგორ მოხდება საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ევროპაში, იმისათვის რომ ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, რომ საქართველო გახდეს ეკონომიკური მიზიდულობის რეგიონალური ცენტრი.
კონკრეტული პასუხი და დაპირება, რომ ჩვენ გავათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, ამას რა თქმა უნდა, ელჩები ვერ გეტყვიან. ჩვენც, თქვენც და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ერთ კაცს უდევს ჯიბეში ამ საკნის გასაღები. მაგრამ მასზე უნდა მოვახდინოთ მაქსიმალური ზეწოლა, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან. ასევე, სერიოზული მუშაობა მიდის ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან , რომ ყველა ეს აქტორი დაგვეხმაროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში.
ძალიან სერიოზული ბერკეტი აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს გადაწყვეტილების მისაღებად. ამ მიმართულებითაც გვაქვს თხოვნები ჩვენს მეგობრებთან, ევროპელ პარტნიორებთან, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ხელი შეუწყონ ამ გამბედავი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში, რაც მის ინტერესებშიც შედის. მას შეუძლია იყოს ისტორიის სწორ მხარეს მაშინ, როდესაც კონკრეტულ დაჯგუფებას საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს და გადამწყვეტი არჩევნების წინ მიიღოს მან ასეთი გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება.
რა თქმა უნდა, ეს მას ევროპელი კოლეგების წინაშე გაცილებით უფრო დიდ მასშტაბში და კარგად წარმოადგენს, ვიდრე ის რომ მან მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩატოვოს წინა საარჩევნოდ.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა