დიაგნოზი - კიბო, დიდი ხანია აღარ არის განაჩენი. თანამედროვე მედიცინამ ის ქრონიკულ, მართვად და ხშირ შემთხვევაში, სრულად განკურნებად დაავადებადაც კი აქცია. თუმცა, წარმატების ფორმულა რამდენიმე უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ეფუძნება: ადრეულ დიაგნოსტიკას, უახლეს ტექნოლოგიებს და რაც მთავარია — პროფესიონალთა გუნდს, რომელიც პაციენტის გვერდით დგას.
რატომ ვერ იღებს ყველა სიმსივნე ერთნაირ სარგებელს იმუნოთერაპიისგან, რა როლს თამაშობს გენეტიკური კოდის გაშიფვრა მკურნალობისას და რატომ არ უნდა ველოდოთ სიმპტომების გამოჩენას ექიმთან მისასვლელად?
ჩვენი რესპონდენტი ბიულენთ ქარაგიოზი, რომელიც ამ კითხვებზე გაგვცემს პასუხებს, "ანადოლუს ცენტრის" სამედიცინო ონკოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია. მისი სამეცნიერო და კლინიკური მოღვაწეობა უშუალოდ უკავშირდება ონკოლოგიის სამომავლო პერსპექტივებს - სიმსივნის იმუნოლოგიასა და პერსონალიზებულ თერაპიას. წამყვან კლინიკებში მიღებული მრავალწლიანი პრაქტიკის გათვალისწინებით, ის დღეს მიიჩნევა ერთ-ერთ იმ სპეციალისტად, ვინც ზუსტად იცის, როგორ აიძულოს ორგანიზმის იმუნური სისტემა დაამარცხოს სიმსივნური უჯრედები. მისი ავტორობით შექმნილი მრავალი სამეცნიერო სტატია და კვლევა დღეს ონკოლოგებისთვის მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენს.
ბატონო ბიულენთ, იმუნოთერაპია, დღეს, ონკოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ მიმართულებად ითვლება.რა პრინციპით მუშაობს ეს მეთოდი და რატომ ხდება, რომ ის ყველა ტიპის სიმსივნის მკურნალობისას, ერთნაირად ეფექტური არ არის?
მოგესალმებით, ეს ძალიან საჭირბოროტო კითხვაა და შევეცდები დეტალურად აგიხსნათ. სიმსივნის იმუნოლოგია და იმუნოთერაპია უკვე დიდი ხანია ცნობილი კონცეფციებია. იმისათვის, რომ სიმსივნეზე იმუნური პასუხი ჩამოყალიბდეს ანუ ჩვენმა იმუნურმა სისტემამ ის ამოიცნოს, რამდენიმე ფაქტორია საჭირო. პირველი: ჩვენი იმუნური სისტემა გამართულად უნდა მუშაობდეს. მეორე: თავად სიმსივნეს უნდა ჰქონდეს ისეთი მახასიათებლები, რომლებითაც ის იმუნურ სისტემას თავს „წარუდგენს“; ანუ, სიმსივნე უნდა იყოს იმუნოგენური. სწორედ ამიტომ, ყველა სიმსივნე ერთნაირ სარგებელს ვერ იღებს იმუნოთერაპიისგან. თუმცა, იმ სიმსივნეების შემთხვევაში, რომლებზეც იმუნოთერაპია ეფექტურია, ჩვენ ძალიან კარგ შედეგებს ვაღწევთ. იმუნოთერაპია შეიძლება გამოვიყენოთ: დამოუკიდებლად, სხვა ბიოლოგიურ პრეპარატებთან კომბინაციაში, ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში. ამგვარად, პაციენტების გარკვეულ ჯგუფში, იმუნოთერაპიის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ უაღრესად პოზიტიური შედეგები.
თანამედროვე ონკოლოგია წარმოუდგენელია გენეტიკური კვლევების გარეშე. როგორ ტარდება სიმსივნის გენეტიკური ტესტირება და რა განსხვავებაა წინასწარი განწყობის კვლევასა და უშუალოდ სიმსივნის გენეტიკის შესწავლას შორის?
სიმსივნის გენეტიკურ ტესტებს რამდენიმე გზით ვატარებთ. ერთ-ერთი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური წინასწარი განწყობის შეფასება, რომელიც გახლავთ სისხლზე ჩატარებული ანალიზები. მეორე ჯგუფი მოიცავს სიმსივნის გენეტიკის კვლევას. სიმსივნის გენეტიკასაც ორი მეთოდით ვსწავლობთ, ან უშუალოდ სიმსივნის ქსოვილიდან ან სისხლში არსებული სიმსივნური უჯრედების გამოყოფით და მათი ანალიზით. ამ გენეტიკური ტესტების ჩატარების შემდეგ, შეგვიძლია უფრო ზუსტად განვსაზღვროთ მკურნალობის სტრატეგია.
ვაფასებთ რისკებს და ვწყვეტთ, რამდენად ეფექტური იქნება კონკრეტული მედიკამენტები. ამიტომ, გარკვეული პაციენტების ჯგუფისთვის, გენეტიკური ტესტების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია.
სამწუხაროდ, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ონკოლოგიური დაავადებები სულ უფრო ხშირად ვლინდება ახალგაზრდა ასაკში. თქვენი დაკვირვებით, რა არის ამ ტენდენციის მთავარი მიზეზი - გენეტიკა თუ ცხოვრების თანამედროვე წესი და გარემო ფაქტორები?
სიმსივნის შედარებით ახალგაზრდა ასაკში გამოვლენას რამდენიმე მიზეზი აქვს.ესენია გენეტიკური ფაქტორები, ორგანიზმის სტრუქტურული თავისებურებები და ასევე გარეფაქტორები. გარეფაქტორებს მიეკუთვნება სხვადასხვა კარცინოგენები. ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები, მაგალითად როგორიცაა, ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში ან მისი ნაკლებობა, კვება, სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და ვირუსები. ახალგაზრდა ასაკში დაავადების გამოვლენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ამ გარე ფაქტორების ინტენსიური ზემოქმედებაა.
კიბოს დიაგნოზის გაგება პაციენტისთვის და მისი ოჯახისთვის ყოველთვის უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმაა. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა იცოდეს სრული სიმართლე თავისი დაავადების შესახებ და როგორ მოქმედებს სწორი ფორმით მიწოდებული ინფორმაცია მკურნალობისა და დაავადების მონიტორინგის შემდეგ პროცესზე?
პაციენტთან სრულყოფილი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. კიბოს დიაგნოზის, დაავადების სტადიის და მისი მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოითხოვს დიდ სიზუსტეს და განსაკუთრებულ მიდგომას. ამ პროცესში, მე ვთვლი, რომ პაციენტსაც და მის ახლობლებსაც აქვთ სრული უფლება, ზუსტად იცოდნენ დიაგნოზი, მკურნალობის ტიპი და დაავადების მიმდინარეობა. ამიტომ, აუცილებელია სიმართლის თქმა როგორც პაციენტთან, ისე მის ახლობლებთან, ცხადია შესაბამისი ტონით და გასაგები ენით. ყველა დეტალი უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს. ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვნად ამარტივებს დაავადების მონიტორინგს, მკურნალობის ეფექტურობას და მთლიანად პროცესის მართვას.
ზოგიერთი სიმსივნე ადრეულ ეტაპზევე იძლევა თვალსაჩინო ნიშნებს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა დაავადება ფარულად მიმდინარეობს. რა როლს თამაშობს ამ დროს პრევენციული შემოწმება და რომელი სკრინინგ-პროგრამების ჩატარებაა აუცილებელი სიმპტომების გამოჩენამდე?
სიმსივნის გამოვლენა, გარკვეულწილად, დამოკიდებულია სიმსივნის ტიპსა და ადგილმდებარეობაზე. ზოგი ლოკაციის სიმსივნე ადრეულ ეტაპზეც შეიძლება გამოვლინდეს, მაგალითად ფილტვის კიბოს შემთხვევაში. თუ სიმსივნე ბრონქის შიგნით მდებარეობს და ახლოს არის სისხლძარღვთან, შეიძლება სიმპტომი იყოს სისხლიანი ნაღვლის სახით. ასევე, კანის სიმსივნე შეიძლება ხელით საგრძნობი გახდეს, ისევე როგორც ძუძუს სიმსივნე. თუმცა, არსებობს ისეთი სიმსივნეები, განსაკუთრებით შიდა ორგანოებში, რომლებიც გარკვეულ ეტაპამდე საერთოდ არ ავლენს თავს. ამიტომ კიბოს სკრინინგის პროგრამები და კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია ჯანმრთელობის რეგულარული შემოწმება, თუნდაც არ არსებობდეს რაიმე სიმპტომი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გინეკოლოგიური გამოკვლევები, ძუძუს შემოწმება, მამაკაცებში კოლონოსკოპია და პროსტატის გამოკვლევა. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს პრევენციული მიზნით, სიმპტომების მოლოდინის გარეშე.
"ანადოლუს" სამედიცინო ცენტრი მრავალი წელია საერთაშორისო პაციენტებისთვის, მათ შორის ქართველებისთვის, ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა. რა სტანდარტები განაპირობებს თქვენს მაღალ რეპუტაციას ონკოლოგიის სფეროში?
ჩვენი კლინიკა "ანადოლუს სამედიცინო ცენტრი" რამდენიმე მიმართულებით გამოირჩევა და ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ონკოლოგიის მკურნალობის სფეროში. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია დაავადებების მკურნალობა მულტიდისციპლინური მიდგომით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ხორციელდება მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვით. ეს ხარისხი და პროფესიონალიზმი დასტურდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატებით, რაც ჩვენი მუშაობის მაღალ დონეს ოფიციალურად ადასტურებს.
ინტერვიუ მოამზადა თამარ ლეფსვერიძემ









