კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებულია, ერთის ინფიცირების წყარო სოფელი გაჩიანია, ხოლო 12 პაციენტის ინფიცირება სოფელ ლენჯერს უკავშირდება - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
"დღეს ქვეყანაში არის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა. სულ ინფიცირებულთა რაოდენობა გახდა 1 278. ახალი შემთხვევების გადანაწილება ასეთია - ერთი პაციენტის წყარო სოფელი გაჩიანია, ერთი შემთხვევა შემოტანილია, ხოლო დანარჩენი 12 პაციენტის წყარო არის სოფელი ლენჯერი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მხოლოდ ოთხი დაგვემატა და მათი რაოდენობა გახდა 1 058. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა წილი არის 82 პროცენტი. ამჟამად კოვიდცენტრებში 203 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის, შვიდი პაციენტი კვლავ კრიტიკულია. გუშინ რვა კრიტიკული პაციენტი იყო და ერთის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, ის მძიმეთა სიაში გადავიდა. დღევანდელი მონაცემებით, მძიმეთა სიაში გვყავს 16 პაციენტი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.