საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.
11 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მზადებას 7 ოქტომბერს, პოლონეთში დაიწყებს. მოსამზადებელი ეტაპის და მოახლოებული თამაშების შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ტრადიციულ შეკრებისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მაინტერესებდა როგორ შეხვდებოდნენ ფეხბურთელები ახალ გამოწვევას ახალი ციკლის სახით და პასუხმა მოლოდინს გადააჭარბა. ოქტომბერში მინდა ვიხილო, რომ სექტემბერი არ იყო შემთხვევითობა და ნამდვილად გადავდგით ნაბიჯი წინ. უკრაინასთან და ალბანეთთან ორი რთული თამაში გველის, თუმცა გვყავს 23 მოთამაშე და დარწმუნებული ვარ, მათაც უნდათ დამტკიცება, რომ სექტემბრის წარმატება კანონზომიერი იყო და სურთ პოზიტიური სერიის გაგრძელება.
უკრაინის ნაკრების შესახებ ბევრი რამ ვიცით. დიდი ხანია მაღალ დონეზე თამაშობენ და ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ვიცით, რომ რთული თამაში გველის, მაგრამ მეტოქეებიც უკვე სხვანაირად გვიყურებენ. განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობთ და სწორედ ამიტომ, საინტერესო სანახავი მატჩი იქნება.
გიორგი მიქაუტაძეს ლიონში რთული პერიოდი აქვს, თუმცა ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. უნდა იბრძოლოს სათამაშო დროისთვის და დაიბრუნოს თავდაჯერება. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ, რადგან კარგად გვახსოვს რა აქვს ნაკრებისთვის გაკეთებული ბოლო წლების განმავლობაში. ეს ფეხბურთია და წარმატებულ პერიოდს წარუმატებელი მოსდევს. დარწმუნებული ვარ, ის აუცილებლად იპოვის გამოსავალს.
გულიაშვილი საინტერესო ფეხბურთელია. განსხვავებული ტიპის შემტევია. ევროპის ჩემპიონატამდე მისი გამოძახება ნაადრევად მიმაჩნდა, თუმცა კლუბში სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და გამოძახება დაიმსახურა. ნონიკაშვილის და გოგლიჩიძის მსგავსად, ისეთი ფეხბურთელია, რომელიც იმსახურებს აქ ყოფნას, რათა გვაჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები.
კონკურენცია ყოველთვის კარგია გუნდისთვის. ბოლო 10 თვის განმავლობაში ნახევარდაცვაში სტაბილურობას მივაღწიეთ, თუმცა ვიცით, რომ ყოველთვის ერთი შემადგენლობით ვერ ვითამაშებთ. კარი უნდა გავხსნათ ახალი მოთამაშეებისთვის. ალთუნაშვილი დიდი ხანია ჩვენთან ერთად არის. შესანიშნავი პროგრესი აქვს კლუბში და კარგი არჩევანია ნაკრებშიც. ნონიკაშვილს პოტენციალი აქვს და უახლოეს მომავალში მზად იქნება მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად. რაც შეეხება გოგლიჩიძეს, გასულ შეკრებაზე ის ბოლო მომენტში დავიმატეთ, რადგან ემპოლიში თამაში დაიწყო. ახლა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და ძალიან სტაბილურად გამოიყურება. მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა ვარჯიშებზე და მატჩებშიც გაცილებად გამოცდილი ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ასე თუ გააგრძელა, შესაძლოა, ახალგაზრდულ ნაკრებში დაბრუნება საერთოდ აღარ მოუწიოს“.
წყარო nakrebi.ge