ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის საპრენსკონფერენციო დარბაზში განახლებული ”ტორპედოს” პრეზენტაცია გაიმართა. ქუთაისის მერის მოადგილემ, ბატონმა ნოდარ მიქიაშვილმა პრესისა და მედიის წარმომადგენელთა წინაშე კლუბის ახალი წევრები წარადგინა.
”ტორპედო” უკვე ქუთაისის მერიის მფლობელობაშია. მერის მოადგილის განცხადებით, კლუბის დაფინანსების საკითხი, მომავალ საკრებულოს სხდომაზე გადაწყდება.
”მადლობა კომპანია ”ვისოლს” ქუთაისური ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. როგორც იცით, ქუთაისის ”ტორპედო” უკვე მერიის საკუთრებაა. სპორტულ მხარესთან ამ ეტაპზე თითქმის ყველაფერზე შეთანხმებული ვართ და ქალაქის დახმარებით ყველა ნახავს გაცილებით უკეთეს გუნდს. მომავალ საკრებულოს სხდომაზე საბოლოოდ გადაწყდება დაფინანსების საკითხი. ვფიქრობ, სეზონის დასრულებამდე 800 000 ლარზე ოდნავ მეტს მიიღებს კლუბი ქალაქისგან. ეს საკმარისი უნდა იყოს უფრო კარგი შედეგების მისაღებად. მართალია, ქუთაისის ბიუჯეტში შედის ეს ხარჯი, თუმცა ქალაქის მკვიდრთა ფეხბურთისადმი სიყვარულის გამო ამ თანხის გაღება ნორმალური იქნება. ასევე აღვნიშნავ, რომ ქალაქის მერია ”ტორპედოზე” მანამ იზრუნებს, სანამ მას ახალ მფლობელს მოუძებნის”, - განაცხადა ნოდარ მიქიაშვილმა.
პრეზენტაციაზე ასევე წარადგინეს, კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი. ”ტორპედოს” გიორგი დარასელია გაწვრთნის.
”ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი, გიორგი დარასელია: ”მადლობას ვუხდი ქალაქისა და კლუბის ხელმძღვანელობას ასეთი დაფასებისთვის, რომ დღეს მე ქუთაისის ”ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი ვარ. განწყობა ამაღლებულია, იმიტომ, რომ ამ კლუბისადმი, სადაც ფეხბურთელის კარიერა დავიწყე, სიყვარული დიდი ხანია, რაც მაქვს. მჯერა, ერთმანეთის გვერდით დგომით გამოვასწორებთ სიტუაციას და ქუთაისს ისეთ ფეხბურთს დავუბრუნებთ, რომელიც ეკუთვნის. ასევე მოგახსენებთ, წინა გუნდიდან მე არც ერთი ფეხბურთელი არ გამიშვია. მათ კონტრაქტები ამოეწურათ და მათმა ნაწილმა უკვე დატოვა კლუბი. ვეძებთ ახალ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდს გააძლიერებენ. ვეცდებით, რომ უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებამდე გუნდი საბოლოოდ დავაკომპლექტოთ”.
პრეზენტაციას ”ტორპედოს” სამი ახალწვეული ესწრებოდა.
ნიკოლოზ საბანაძე, რომელმაც კარიერა სწორედ ”ტორპედოში” დაიწყო. ზაზა ჭელიძე, რომელიც ბელორუსიის „გომელიდან“ დაუბრუნდა კლუბს და ირაკლი კლიმიაშვილი. კლიმიაშვილი, საბანიძისა და ჭელიძისგან განსხვავებით, პირველად დაიცავს ”ტორპედოს” ღირსებას.