გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფომაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მტკვარზე ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევა სოფელ ქსნის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე აღკვეთეს. მოქალაქეებმა გასაბერი ნავიდან, თევზჭერის ელექტროიარაღის გამოყენებით, ხრამულის სახეობის 3,5 კგ თევზი უკანონოდ მოიპოვეს. ვინაიდან სამართალდარღვევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმესთან დაკავშირებული მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შესაბამის უწყებას.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები 24-საათიან რეჟიმში, ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. პატრულირების მიზანია უკანონო ტყით სარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან ერთად,
მყისიერი რეაგირება ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.