ყოფილი ბორჯღალოსანი და ხალხის ძალის წევრი დავით კაჭარავა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა.
კაჭარავას ხმის უფლების მქონე 58 დელეგატიდან 57-მა დაუჭირა მხარი. მან აღნიშნულ პოზიციაზე იოსებ ტყემალაძე შეცვალა.
დავით კაჭარავას სანაკრებო დებიუტი 2006 წელს შედგა და „ბორჯღალოსნების“ რიგებში 122 მატჩი ჩაატარა, რაც საქართველოს ნაკრების რეკორდია. მას 25 ლელო აქვს დადებული და ამ მაჩვენებლით გუნდის ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს. კაჭარავა ოთხ მსოფლიო თასზე (2007, 2011, 2015 და 2019) ასპარეზობდა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი 11-ჯერ მოიგო.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დავით კაჭარავა სრკ-ის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.