საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში კარტინგის ხელშეწყობის მიზნით საავტომობილო სპორტის ფედერაციას 12 ერთეული კარტინგი გადასცა. კარტინგების შესაძენად, მათი ტრანსპორტირებისა და განბაჟებისთვის ფედერაციას სამინისტრომ 109 458,43 ლარი გამოუყო.

„ლილო არენაზე“ კარტინგების გადაცემას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ლომაძე, ცნობილი ქართველი მრბოლელი დავით ქაჯაია და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ღონისძიებაზე იოსებ ბაღათურიამ ასევე გაიცნო პროექტის - „გახდი მრბოლელი“ -  გამარჯვებული ახალგაზრდები, რომლებიც ახალშეძენილი კარტინგებით საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციამ სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში 14-17 წლის ცხრა გამარჯვებული  გამოავლინა. ახალგაზრდები 2024 წელს საქართველოს ჩემპიონატზე კარტინგების გარდა უზრუნველყოფილი იქნებიან საბურავებით და რბოლასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხარჯით.

ახალგაზრდა მრბოლელებმა ახალშეძენილი კარტინგებით არენაზე საჩვენებელი გარბენი მოაწყვეს. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ შეძენილი კარტინგების ბაზაზე „ლილო არენაზე“ ჩამოყალიბდება აკადემია, სადაც ნებისმიერი მსურველი კარტინგის მართვის შესწავლას შეძლებს.

სპორტის სამინისტროს თანადგომით საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია სხვადასხვა ტურნირსა და ჩემპიონატს მართავს. სამინისტრო საავტომობილო სპორტის განვითარების მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.