საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, დავით კვინიკაძე სამუშაო ვიზიტით შიდა ქართლის რეგიონს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და მუნიციპალიტეტების მერებთან.
შეხვედრაზე კომპანიის მიერ შიდა ქართლში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
ამჟამად რეგიონში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთითა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ხუთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება 98 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულება ეტაპობრივად 2025-2027 წლებში იგეგმება.
პროექტების დასრულების შემდეგ 19 000-მდე ბენეფიციარი სრულად განახლებული ინფრასტრუქტურითა და 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.