ტურნირს კარგი ფორმით შევხვდი და ვფიქრობ, 99%-ით მზად ვიყავი. ყველაფერი კარგად გავიარეთ და დავგეგმეთ. სხვანაირად არ შეიძლებოდა და ფინალამდე ან ფინალში წაგება ძალიან დამაზარალებდა, იმოქმედებდა ჩემს სპორტულ კარიერასა და ფსიქოლოგიაზე, - ამის შესახებ ილია სულამანიძემ ბაქოში მიღწეული წარმატების შემდეგ ისაუბრა.

„თავი სიზმარში მგონია, გულახდილად გეტყვით, რომ ჩემი გრძნობა ახლა ერთადერთი წინადადებით ასე აიხსნება - თავი სიზმარში მგონია. ახლა ვნატრობ, რომ არ გამომეღვიძოს და იმედია, არ გამომეღვიხება.

მინდა ქართველ გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან თითოეულ სპორტსმენს  უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ. დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს, ოჯახს, დედას, მამას, ძმას, ყველა ნათესავს. დიდი მადლობა ლაშა გუჯეჯიანს, რადგან ამ აღებული მოსავლის დიდი ნაწილი მისი დათესილია. დიდი მადლობა დავით ქევხიშვილს, რომელმაც უდიდესი შრომა გასწია. დიდი მადლობა ჩემს საყვარელ ლომერ ჟორჟოლიანს. ასევე დიდი მადლობა ყველა მწვრთნელსა და ჩემს ექიმებს. არ მინდა ვინმე გამომრჩეს.
შევეცდები, ამ ოქროს მედლის შემდეგ, ოლიმპიური ოქროც მოვიგო. კვარცხლბეკზე დგომისას ვცდილობდი, ბევრი ცრემლი არ წამომსვლოდა. გული ძალიან ამიჩუყდა. ჩემს დროშაში ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც წეღან ჩამოვთვალე და ამ დროს ცრემლების შეკავება რთულია. ახლა გულს მიყუჩებს იმაზე ფიქრი, ჩემები როგორ განიცდიდნენ და ცრემლების შეკავება როგორ უჭირდათ.
ტურნირს კარგი ფორმით შევხვდი და ვფიქრობ, 99%-ით მზად ვიყავი. ყველაფერი კარგად გავიარეთ და დავგეგმეთ. სხვანაირად არ შეიძლებოდა და ფინალამდე ან ფინალში წაგება ძალიან დამაზარალებდა, იმოქმედებდა ჩემს სპორტულ კარიერასა და ფსიქოლოგიაზე. მადლობა ღმერთ, ეს არ მოხდა და მიზანს მივაღწიე. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა ძალიან მნიშვნელოვანია. ოლიმპიური ოქრო მაქვს დარჩენილი და 2028 წელს ამასაც მოვიპოვებ", - ამბობს ილია სულამანიძე.

ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელია! ამ ტიტულს კარიერაში პირველად დაეუფლა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ამ დროისთვის ოთხი მედალი აქვს და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა. მსოფლიო ჩემპიონები ილია სულამანიძე (100კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ვერცხლის პრიზიორია, ხოლო გიორგი სარდალაშვილი (60კგ) – ბრინჯაოსი.