გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების რამდენიმე მოწმე გამოკითხეს.
სხდომის შემდეგ კომენტარი გააკეთა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ. მისი თქმით, საქმეში არ იძებნება მტკიცებულებები, რომლებიც სატელეფონო ზარების კონკრეტულ შინაარსს ასახავს, რადგან მსგავსი მონაცემების მოპოვება განსაკუთრებულ სირთულესთან არის დაკავშირებული, თუ პირდაპირ არ მიმდინარეობს მიყურადება.
"სატელეფონო ზარების შინაარსის ამსახველი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს და რა ინფორმაცია შეიძლება ეთქვა ა.გ.-ს გ.ს-სთვის, ეს არის მხოლოდ ვარაუდები. ბრალდების მხარეს არ აქვს და ამ მონაცემების მოპოვება განსაკუთრებულ სირთულესთან არის დაკავშირებული, თუ პირდაპირ არ მიმდინარეობს მიყურადება. ასეთი მონაცემები, რომ ზარების მიმდინარეობის პროცესში რა ინფორმაცია ჟღერდება ორ პირს შორის იყოს ამოღებული, საქმეში არ არის. თუმცა, ბუნებრივია, ვადასტურებთ იმას, რომ ზარები არის ცალმხრივი." - აცხადებს ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე.
პროკურორი, ქეთევან სონიძე აცხადებს, რომ გიორგი მალანია და ალექსანდრე გაბაშვილი ერთმანეთს სისტემატურად უკავშირდებოდნენ.
"გიორგი მალანია და ალექსანდრე გაბაშვილი ერთმანეთს სისტემატურად უკავშირდებოდნენ, რაც მათ შორის არსებული ვიდეოზარებით და ჩვეულებრივი ზარებითაც, როგორც დეტალურებით, ასევე "ვოთსაფზე" განხორციელებული ზარებით ისედაც არის საქმეში დადასტურებული. ათეულობით ზარია შესული ალექსანდრე გაბაშვილის ტელეფონიდან გიორგი მალანიას მობილურზე. რაც შეეხება შინაარსს, შინაარსი უშუალოდ ამ ზარებში მესიჯის სახით არ ჩანს, თუმცა ალექსანდრე გაბაშვილსა და დემეტრე ჩიქოვანს შორის არის მიწერილი ამ კომუნიკაციის მიზნობრიობაზე, სადაც დემეტრე ჩიქოვანს ალექსანდრე გაბაშვილი წერს, რომ მისამართის დადგენაში გიო, ნიაკოს მეგობარი ეხმარება." - აცხადებს ქეთევან სონიძე.




