საქართველოს ნაკრების წევრი, გიორგი გველესიანი მის მიერ ვიდეოჩანაწერში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს Geo Team-თან.
"მოგესალმებით,საბედნიეროდ სოციალურ ქსელ Facebooks ნაკლებად ვხმარობ. მეგობრები აფორიაქებული მირეკავენ,რაღაც სტატიებს მიგზავნიან,სადაც ჩემი ნათქვამი აზრიდან,ფრაზები დანაწევრებულია და კონტექსტს მოგლეჯილია. ასევე გამომიგზავნეს ქალბატონ ხატია დეკანოიძის სტატუსი და საქართველოს ქალთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის,ქალბატონ ნინო სუთიძის სტატუსი. პირველი მათგანი ბოროტებასა და “სექსიზმში”მადანაშაულებს. სამწუხაროდ,მოსმენილის გააზრების პრობლემაც სახეზეა.მირჩევნია არ გადავაბიჯო პატივისცემის და კორექტულობის საზღვრებს,თუმცა ქალბატონი ხატიასგან, ჩემი მისამართით ნათქვამი სიტყვა “ბოროტება” ცოტა კომიკურადაც ჟღერს. ჩვენ ორს შორის, მე არც ღვარძლის თესვით ვარ დაკავებული და არც მოსახლეობის ცნობიერების ძირ გამომთხრელ საქმეს ვეწევი. რაც შეეხება, ქალბატონ ნინო სუთიძეს,მან საჯაროდ მომმართა,ჩემი საერთო აზრისგან აიღო ფრაზა “ქალებს ნაკლებად გამოსდით” და ამაზე ააწყო დიდი სტატუსი. ჩვენ კოლეგები ვართ და ალბათ შეეძლო, ჯერ პირადად მოეწერა,მას ნამდვილად გულწრფელად მოვუსმენდი და გაუგებრობას აღმოვფხვრიდი. და თუ მაინც, ნაწყენი დარჩებოდა,შემდეგ “საჯარო სამსჯავროში(სივრცეში)” ჩივილი ბევრად მისაღები იქნებოდა.
მრჩება შთაბეჭდილება,რომ მისი მთავარი მოტივავია ამ ამბის რეზონანსულობა იყო და პრინციპში, სადღაც გასაგებია,რატომაც..
გადავიდეთ მთავარ თემაზე,თუ რა ვთქვი მე და რა გახდა განხეთქილების მიზეზი. კითხვა დამისვეს, ისევ ვფიქრობ თუ არა,რომ ფეხბურთი ქალების საქმე არაა და უნდა თამაშობდნენ თუ არა..
მე არ მახსოვდა,რომ მსგავსი რამ ,10-12 წლის წინ მითქვამს, უნდა ვაღიარო,რომ ნამდვილად ბრიყვული მიდგომა და არა კოლეგიალური განცხადებაა,პატარა ასაკის მიუხედავად. განსხვავებით ქალბატონ ხატია დეკანოიძისგან,ვალდებული ვარ,ყველა ჩემს სიტყვაზე პასუხისმგებელი ვიყო. გავიდა წლები და დღეს დასმულ ამ კითხვაზე ვპასუხობ,რომ უნდა თამაშობდნენ,ვისაც სურვილი აქვს უნდა თამაშობდეს, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებაა,რომ ეს მათი საქმე ნაკლებადაა(ეს არ ნიშნავს იმას რომ მათი საქმე არაა),ნაკლებად გამოსდით. რომ,საქართველოს ქალთა ნაკრების პროგრესით აღფთოვანებული ვარ და თუ ასე გააგრძელებენ,არაა გამორიცხული, ეს აზრი მალე შემეცვალოს.
ანალოგიურად ვფიქრობ მკლავჭირდზეც,ძალოსნობაზე, კრივზე და ყველა იმ სპორტის სახეობებზე,სადაც ქალბატონებს დიდი ფიზიკური ტკივილი ადგებათ. იქ არ ყოფილა საუბარი და გარჩევა ამის გამომწვევ მიზეზებზე,თუ რა დაბრკოლებები აქვთ და ჰქონდათ გოგონებს ამ პროფესიის არჩევისას, თუ რა ბიოლოგიური განსხვავებები არსებობს და არსებობს თუ არა. ასევე, არ გვიმსჯელია იმაზე,თუ რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ გოგონებს 6 წლიდან ვავარჯიშებთ, იგივე დატვირთვებით, რასაც ბიჭი ფეხბურთელები გადიან კარიერის მანძილზე,ან რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ყველანაირი ფინანსური და მენტალური ხელშეწყობა ექნებოდათ, ან რა იქნება იმ შემთხვევაში თუ ფიფა სავალდებულო კვოტირებას შემოიტანს ფეხბურთში, გენდერული ნიშნით. არ გვიმსჯელია იმაზე,თუ რატომ დაჰყო გენდერის ნიშნით ფეხბურთი და არა მხოლოდ ფეხბურთი,თითქმის სპორტის ყველა სახეობა…ვერ ვიმსჯელებ, იმაზე რაც არ ვიცი.
ვფიქრობ,ყველა სპორტსმენი იმსახურებს პატივისცემას, განურჩევლად სქესისა.მე არავის შევხებივარ უპატივცემულოდ და მიწევს ვითმინო დაუმსახურებელი ლანძღვა,უბრალოდ იმიტომ ჩემი პირადი შეხედულება, არ ემთხვევა ხალხის გარკვეული ნაწილის აზრს, რომელიც პრინციპში ჩემი აზრი კი არა,ობიექტური რეალობაა…
არსებობს მრავალი პროფესია, სადაც პირიქით,ვფიქრობ დღეის მდგომარეობის ქალბატონები ლიდერობენ. მეტსაც გეტყვით, არის დარგები,რომლებშიც მე პირადად, გაცილებით მეტი სანდოობის შეგრძნება მაქვს ქალებთან მიმართებაში. რა შუაშია აქ სექსიზმი?! ვისაც რა უნდა ის აკეთოს. ჩემს სპორტში, ათასობით მამაკაცი ფეხბურთელი თამაშობს ჩემზე უკეთ, უფრო მაღალი დონის გუნდებში და უფრო დახვეწილ ფეხბურთს. შესაძლოა,ქალთა ფეხბურთშიც მოინახონ ისეთი ფეხბურთელები,რომლებიც უკეთ გაიქცევიან,უფრო მაღლაც ახტებიან და ჩემზე უკეთ მისცემენ პასს.. და რა ვქნა,ვაღიარო სხვაობა, თუ შეურაწყოფილად ვიგრძნო თავი?! შეიძლება განზოგადებული ნათქვამის, ესე ბრიყვულად გაგება?!
ჩემს გაგებაში, ქალთან ყველაზე ახლო მდგომი ეპითეტი არის სინაზე, მაგრამ ფეხბურთისგან ყველაზე შორს მდგომ სიტყვადაც, სინაზე მახსენდება. თავად გოგონები მეზრდებიან,თუ მსგავსი სურვილი ექნებათ,მე ხელს ვერ შევუშლი,მაგრამ ძალიან დამენანებიან იმ ფიზიკური ტკივილისთვის,რაც ამ სპორტს მოაქვს და რაც მე პირადად გამომიცდია. თუმცა, მე ყველა ადამიანის აზრს პატივს ვცემ და მაქვს განსხვავებული აზრის მიმღებლობაც.
ზოგიერთმა “გამჭრიახმა”, ჩემი შეხედულება,ირანის გავლენას მიაწერა. სხვათაშორის,ცნობისთვის, ირანში თითქმის ყველა კლუბს ჰყავს,როგორც ვაჟთა ასაკობრივი,ასევე ქალთა საფეხბურთო გუნდები,რომელთა დაფინანსების ვალდებულება არსებობს და შეყვანილია კლუბის საერთო წლიურ ბიუჯეტში. და ბოლოს, თუ ვსაუბრობთ თანამედროვე თანასწორ გარემოს შექმნაზე,პირველ რიგში სასწავლია წაკითხული/მოსმენილის გააზრება,შემდგომ განსხვავებული აზრის პატივისცემა და დისკუსიაში კორექტულად შესვლა. მადლობა!
პ.ს. კიდე ერთი გადაცემა გავიდა იმედზე, სადაც ძველი თაობის ვეტერანებზე ვსაუბრობ,სიუჟეტი ისე დაკორექტირდა, რომ დავით ყიფიანი დაუმსახურებლად მოყვა კონტექსტში. იმის მიუხედავად, რომ არასდროს მქონია ბედნიერება გავცნობოდი მას, დავით ყიფიანი მაგ თაობის ნათელ წერტილად მიმაჩნია,როგორც საფეხბურთო,ისე სამწრთვნელო ასპარეზზე,ვიცი რომ ჰქონდა დიდი სამწრთნელო პოტენციალიც,სამწუხაროდ არ დასცალდა. ამ გადაცემის ჩაწერაზეც,რომელიც ვერ მოხვდა საბოლოო ვერსიაში,შეგნებულად მხოლოდ მისი სახელი გამოვყავი,რათა არ მომხდარიყო ის რაც მოხდა. სხვებს რაც შეეხება,გამგები გაიგებს და ვისაც ეკუთვნის,ის ხალხი თავად მიხვდება,დრო ყველაფერს შეაფასებს. ვწუხვარ,რომ მიწევს იმის ახსნა,რისი ახსნაც წესით არ უნდა მიწევდეს. რომ აღარ მოხდეს კონტექსტის დამახინჯება, ამ წერილს უცვლელად GeoTeam თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებს. ვიმედოვნებ მედიის მხრიდან, ჩემზე ინტერესი ამით დასრულდება და მომეცემა საშუალება მშვიდად ვაკეთო ჩემი საქმე."