ნიუ-იორკში ელვისებურ ჭადრაკში 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა.

შეჯიბრების პირველ დღეს რვა საუკეთესოს შორის მოხვედრილმა მოჭადრაკეებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა მეოთხედფინალებიდან გააგრძელეს.

ღია პირველობის მეოთხედფინალში მაგნუს კარლსენმა ჰანს მოკე ნიმანს 2,5:1,5 (0.5:0,5, 0:1, 1:0, 1:0) სძლია, იან ნეპომნიაშჩიმ ვოლოდარ მურზინს 2,5:0,5(0,5:0,5, 1:0, 1:0), იან-კშიშტოფ დუდამ ფაბიანო კარუანას 2,5:0,5(1:0, 0:5:0,5, 1:0), უესლი სომ ალირეზა ფირუჯას კი 3:1(0:5:0,5, 0,5:0,5, 1:0, 1:0).

ნახევარფინალში კარლსენმა დუდა 3:0 დაამარცხა, ნეპომნიაშჩიმ უესლი სო კი 3:2(0:1, 0,5:0,5, 1:0, 0,5:0,5, 1:0).

ფინალში შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონი 2:0 დაწინაურდა, მაგრამ ნეპომნიაშჩიმ შეძლო ანგარიშის გათანაბრება. დამატებითი ორივე პარტია ყაიმით დასრულდა, მეორე დამატებით ორი პარტიიდან პირველის ყაიმით დასრულების შემდეგ კი მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გაყოფაზე შეთანხმდნენ და დასკვნითი მერვე პარტია აღარ ითამაშეს.

მათ თანაბრად გაინაწილეს პირველ-მეორე ადგილისთვის გამოყოფილი 160 ათასი დოლარის ოდენობის საპრიზო ფონდი. მესამე-მეოთხე ადგილზე გასულებმა თითოეულმა 42 ათასი დოლარი მიიღო, მეოთხედფინალში დამარცხებულებმა კი ოც-ოცი ათასი დოლარი.

ქალთა ჩემპიონატის მეოთხედფინალში ჟუ ვენჯუნმა ვალენტინა გუნინას 2,5:0,5 სძლია, ნახევარფინალში ასეთივე ანგარიშით რამეშბაბუ ვაიშალი (მან მეოთხედფინალში ჟუ ჟინერს 2,5:1,5 მოუგო) დაამარცხა, ფინალში თანამემამულე ტინჯი ლეის (მან მეოთხედფინალში ბიბისარა ასაუბაევას 2,5:1,5 სძლია, ნახევარფინალში კი კარისა იიპთან შეხვედრაში ანგარიშით 2,5:1,5 გამარჯვებული კატერინა ლაგნო დაამარცხა) ხუთი ყაიმის შემდეგ მეექვსე შეხვედრა მოუგო და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

გამარჯვებულმა 60 ათასი დოლარის ოდენობით ფულადი პრიზი მიიღო, მეორე ადგილზე გასული 40 ათასი დოლარით დასაჩუქრდა, მესამე-მეოთხე ადგილებზე გასულები ოც-ოცი ათასი დოლარით, მეოთხედფინალში დამარცხებულები კი თითოეული ათი ათასი დოლარით.