სომხური სპორტის მესვეურები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობის 97 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში მსაჯების მიერ გამოტანილ ვერდიქტს არასამართლიანად მიიჩნევენ და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციიდან მიღებული პასუხის შემდეგ ჩივილს ზემდგომ ინსტანციებში განაგრძობენ.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ უარყო სომხეთის ნაკრების საჩივარი ოლიმპიურ თამაშებზე არტურ ალექსანიანის და ირანელი მოჰამადჰადი სარავის შეხვედრის მსაჯობისა და ფინალური მატჩის შედეგების გამო, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ შეცდომა აშკარა იყო და ამჯერად საჩივრი და

დამატებითი მტკიცებულებები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სააპელაციო კომისიას გადაეგზავნება, - განაცხადა პრესასთან სომხეთის სპორტის მინისტრის მოადგილე კარენ გალოიანმა და დასძინა:

„იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სააპელაციო კომისია მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, თუ ეს არ მოხდება, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლო ინსტანციამდე, ლოზანის ჩათვლით".

მსაჯების და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მესვეურთა მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა სომხეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელმა, სომხეთის საუკეთესო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავის არტურ ალექსანიანის მამამ და პირადმა მწვრთელმა გევორგ ალექსანიანმა, ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია მედლებს თავისი შეხედულებისამებრ ანაწილებს. ეს არის პოლიტიკა და, თუმცა ამას ვერ ვამტკიცებ, ესეც კორუფციაა“, - განაცხადა გევორგ ალექსანიანმა.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის საპასუხო წერილი პროგნოზირებადი იყო. ისინი არ აღიარებენ იმ ცუდ საქმეს, რაც ჩაიდინეს. მათი წერილობითი პასუხი სრული სიცრუეა, მათი მსჯელობა არ შეესაბამება რეალობას და წესებს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სააპელაციო კომისიაში მიმართვის შემდეგ სომხეთს გამარჯვების დიდი შანსები აქვს. 99%-ით ვარ დარწმუნებული ამ უსამართლობის წინააღმდეგ ჩვენ გამარჯვებაში. ჩვენ არ მოვითხოვთ ირანელი მოჭიდავისთვის ოქროს მედლის ჩამორთმევას. ოლიმპიადაზეც და მსოფლიო ჩემპიონატზეც არის პრეცედენტი, რომ აპელაციის შემდეგ ორი ოქროს მედალი გაიცა. „ოქროს მედალს სომხეთს დავუბრუნებთ“, - თქვა გევორქ ალექსანიანმა.

სომხეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საჩივარი უკვე შეიტანა. მოგვთხოვეს ვიდეო და ფოტო მტკიცებულებების მიწოდება. თუ სააპელაციო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ დაგვაკმაყოფილებს, მივდივართ სპორტულ სასამართლოში, სადაც საუკეთესო სპორტული ადვოკატები დაგვეხმარებიან“, - დაასკვნა გევორქ ალექსანიანმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში 66-ე ადგილი გაიყო კოლუმბიასთან, არტურ ალექსანიანი კი ბერძნულ-რომაული ჭიდაობის 97 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ირანელ მოჰამადჰადი სარავისთან 1:4 დამარცხდა.

აგრეთვე შეგახსენებთ, რომ ძალზე არაკვალიფიციურად შეფასდა მერაბ ბაზაძის და ეგვიპტელი მუჰამედ ამერის შეხვედრის და ილია სულამანიძის და აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევის მსაჯობა, თუმცა, პირველ შემთხვევაში, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის მიერ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტთან შეტანილ საჩივარს (სანდრო ბაზაძის მიერ მიყენებული ჩხვლეტების არჩათვლასთან დაკავშირებით) შედეგი არ მოჰყოლია და შემდგომი გაგრძელება არ ჰქონია, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ილია სულამანიძის გდების იპონის ნაცვლად ვაზარით შეფასება ოფიციალურად არ გასაჩივრებულა.