მოჭადრაკეთა ქალთა გრან-პრის ნიუ-დელის ტურნირზე  აგორებულ სკანდალს სკანდალი მოჰყვა.  

ყაზახ მოჭადრაკე ჟანსაი აბდუმალიკს, გრან-პრის მესამე ეტაპის ტურნირში მონაწილეობაზე უარის თქმის შემდეგ, თანამემამულე, ბლიცში ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, 19 წლის ბიბისარა ასაუბაევა დაუპირისპირდა.

„ჭადრაკი რა თქმა უნდა, სპორტის ინდივიდუალური სახეობაა, მაგრამ ინდივიდუალურობა და ერთპიროვნულობა სხვადასხვა რამაა. ცნება „ყველა თავისთვის" ზოგიერთებისგან განიმარტება როგორც „მიმიფურთხებია ყველასთვის". ზედმეტია იმის თქმა, რომ მათგან მონანიებას ან ზრდილობის გულისთვის ყასიდად ბოდიშის მოხდას ვერ ეღირსები.

და რა ზრდილობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ასეთი ადამიანები აშკარად ატყუებენ მათ ირგვლივ მყოფებს. შესაძლოა, რეალობის შელამაზება ალმათის მასლიხატის ყოფილი დეპუტატის, ჟანსაი აბდუმალიკის პროფესიული ჩვევაა და მას დაავიწყდა, რომ პირველ რიგში იგი მოჭადრაკეა, მაგრამ არის რაღაცები, რაც ნებისმიერი პროფესიონალისათვის - ვინც არ უნდა იყოს იგი და რა დიდი წარმოდგენაც არ უნდა ჰქონდეს თავის თავზე - მიუტევებელია",  წერს ბიბისარა ასაუბაევა თავის ინსტაგრამზე.

ბიბსარა ასაუბაევას თქმით, დელიში მნიშვნელოვანი ტურნირია და ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ჟანსაი აბდუმალიკი, რომელმაც მოულოდნელად გადაწყვიტა ტურნირის დატოვება. სავარაუდოდ იმის გამო, რომ ორგანიზატორები მას არასათანადოდ შეხვდნენ.

„მან ეს გააკეთა ძალიან უცნაურად, თუ სულელურად არა: გახსნამდე ერთი საათით ადრე ტელეფონით აცნობა კოლეგას, რომ მიფრინავდა და აეროპორტში იყო, შემდეგ კი, როცა ჩვენ სასწრაფოდ გამართულ საგანგებო სხდომაზე ვბჭობდით თუ როგორ მოვქცეულიყავით, იგი  არხეინად, ამპარტავნული ღიმილით სეირნობდა სასტუმროში.

ჟანსაია ჩამოფრინდა კაცთან ერთად, რომელიც ყველგან თან ახლდა, ​​ბევრი სხვა მარტო იყო - და არაფერი, სასტუმრომდე მივიდნენ ისტერიის გარეშე.

ამავდროულად, ზოგიერთმა მოჭადრაკემ სპეციალურად ამ გრან-პრის გულისთვის უარი თქვა სხვა ტურნირში  მონაწილეობაზე და ამჟამად პატურ სიტუაციაში არიან.

ტყუილით შეზავებული მომენტალური ისტერიის გამო ტურნირი საფრთხეშია. ერთი ადამიანის გამო, რომელმაც ჩათვალა, რომ მოგონილი მიზეზით შეუძლია ბოლო მომენტში უბრალოდ გადახაზოს ყველაფერი."
 
ბიბისარა თვლის, რომ ადგილობრივ ორგანიზატორებთან ბევრი კითხვაა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი კითხვა უნდა დაისვას ჟანსაის არასპორტულ საქციელთან,  უადგილოდ გამოხატულ ემოციებთან, კოლეგებისადმი და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებასთან, პროფესიონალიზმთან დაკავშირებით.

სპორტსმენები მზად უნდა იყვნენ ნებისმიერი ფორსმაჟორისთვის და გამოწვევებისთვის და არა წუწუნისა და დანებებისთვის, თუ რამე არასწორად მოხდება. თუ ჟანსაის მსგავსად რეაგირებთ ყველა წვრილმანზე, მაშინ სჯობს თავი დაანებოთ სპორტს, გათხოვდეთ და ბორშჩი ამზადოთ. მით უფრო, რომ, როგორც ვნახეთ, მას ვიღაც ჰყავს ამისთვის.

წარმატებები ყველას", - წერს ბიბისარა ასაუბაევა.

 გრან-პრის ტურნირის მონაწილე გერმანელი ელიზაბეტ პეცი გამოეხმაურა და ჟანსაი აბდუმალიკი დაიცვა. მისი თქმით პრობლემის თავიდათავი ფიდეს ოფიციალური პირების მიერ ტურნირის არასაკმარისი ორგანიზება იყო.  პეტსი ადასტურებს, რომ ხუთმა მოთამაშემ, მათ შორის ბიბისარა ასაუბაევმა, ხელი მოაწერა წერილს, რომელშიც ფიდეს მოუწოდებდნენ გადაედო ტურნირი, რადგან ბევრი მოთამაშემ მიიღო სერიოზული ემოციური სტრესი.   

პეცი ამტკიცებს, რომ „ერთ ღამეში ბიბისარამ გადაიფიქრა და ამის შესახებ ფიდეს შეატყობინა. გარდა ამისა, მან შეურაცხყოფა მიაყენა ჟანსაიას ფიდეს წარმომადგენლებთან ოფიციალური საუბრის დროს. ასე რომ, ბიბსარა ასაუბაევას მხრიდან იმის თქმა, რომ მას არ მოუწერია ხელი წერილზე და არ სურდა ტურნირის დატოვება, არის სიცრუე, მე ვფიქრობ, რომ მან ეს გააკეთა მისი თანამემამულის რეპუტაციის შელახვის მიზნით", - წერს ელიზაბეტ პეცი.  

ნიუ-დელის გრან-პრის მონაწილე ქართველმა მოჭადრაკე ნინი ბაციაშვილმა ელიზაბეტ პეცის პოსტის კომენტარებში დაწერა, რომ შეუძლია დაადასტუროს მისი ყველა სიტყვა.

lizzy I also can prove all your words, - წერს ნინო ბაციაშვილი.