ნიუ-დელიში გუშინ მოჭადრაკეთა ქალთა გრან-პრის მესამე ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები უნდა გამართულიყო, მაგრამ ორგანიზაციული პრობლემების გამო შეხვედრები ერთი დღით გადაიდო. 

მოჭადრაკე ქალთა გრან-პრის მესამე ეტაპის ტურნირის საზეიმო გახსნა ნიუ-დელიში 24 მარტს შედგა, პირველი ტურის შეხვედრები კი 25 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ ორგანიზაციული პრობლემების გამო ტურნირის დაწყება ერთი დღით გადაიდო. 

გრან-პრის მესამე ეტაპზე 12 მოჭადრაკეს უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ტურნირის დაწყების წინ ყაზახმა მოჭადრაკე ჟანსაი აბდუმალიკმა განაცხადა, რომ უარს აცხადებს ტურნირში მონაწილეობაზე. 

ჭადრაკზე სპეციალიზებულ პორტალ chesstopics-ის ინფორმაციით, აბდუმალიკს და რამდენიმე სხვა მოჭადრაკეს აეროპორტში ტურნირის ორგანიზატორების წარმომადგენლები არ დახვედრიან და მათ ფაქტობრივად ოფიციალური მიღება არ ჰქონიათ. ცუდი მიღებით უკმაყოფილო რამდენიმე მოჭადრაკემ ფიდეს, რომლის წარმომადგენელიც ტურნირის დაწყების წინ ნიუ-დელიში არ იმყოფებოდა, დაუყოვნებლივი რეაგირება, ტურნირის გადადების ჩათვლით, მოსთხოვა.

ფიდეს პრეზიდენტმა არკადი დვორკოვიჩმა საპასუხო წერილში ბოდიში მოუხადა მოჭადრაკეებს იმ პრობლემებისა და უსიამოვნებების გამო, რომლებსაც ისინი შეეჯახნენ. მან აგრეთვე გამოხატა წუხილი იმის გამო, რომ ერთმა მოჭადრაკემ უარი განაცხადა ტურნირში მონაწილეობაზე. 

ყველა არსებული არგუმენტის გათვალისწინებით ფიდემ ტურნირის ჩატარება გადაწყვიტა და ნიუ-დელიში მოჭადრაკეთა ინტერესების დასაცავად დამატებითი კოორდინატორი მიავლინა. მან აგრეთვე აცნობა მოჭადრაკეებს, რომ მიიღებდნენ კომპენსაციას ნებისმიერი უკვე გაწეული ან შემდგომი წარმოშობილი დამატებითი ხარჯისთვის. 

ფიდეს წინადადების მიღების შემთხვევაში პირველი ტური გუშინ უნდა გამართულიყო. მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს უკრაინელმა დიდოსტატებმა ანა და მარია მუზიჩუკებმა და მათ ნაცვლად ნინო ბაციაშვილი და ვაიშალი რამეშბაბუ მიიწვიეს, გრან-პრის მესამე ეტაპის მონაწილეთა სიითი შემადგენლობა ასეთი გახდა:

ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2576), ალექსანდრა გორიაჩკინა (ფიდე, 2576), კატერინა ლაგნო (ფიდე, 2560), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2525), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2511), ნინო ბაციაშვილი (საქართველო, 2489), ჟუ ჯინერი (ჩინეთი, 2489), პოლინა შუვალოვა (ფიდე, 2484), ელიზაბეტ პეცი (გერმანია, 2474), ბიბისარა ასაუბაევა (ყაზახეთი, 2400), ვაიშალი რამეშბაბუ (ინდოეთი, 2433)

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტურნირის დაწყება ერთი დღით გადაიდო და პირველი ტური დღეს, 26 მარტს უნდა გაიმართოს.