ბელგრადში დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი.

ასპარეზობის ბოლო დღეს თავი გამოიჩინა 63კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავე ლერი აბულაძემ. მან ფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანელი მოჭიდავე დაამარცხა და წინა ჩემპიონატებზე  მოპოვებულ ორ ვერცხლის მედალს ოქროს მედალი შემატა.

კიდევ ერთი მედალი გუნდს 55კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ მოუტანა. მან მხოლოდ ფინალური შეხვედრა დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველო მე-7 ადგილზე გავიდა. ოლიმპიური ლიცენზია საქართველომ  ვერცერთ წონაში ვერ მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ასევე ულიცენზიოდ დარჩნენ ბელგრადში რუსი მოჭიდავეები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით ასპარეზობდნენ. მათ ერთადერთი ბრინჯაო არაოლიმპიურ, 82კგ წონაში მოიპოვეს, ყველა სხვა წონაში კი შვიდეულშიც კი ვერ მოხვდნენ.

მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებით ქვეყნების მიერ მოპოვებული ლიცენზიები:

ირანი - 4
კუბა - 3
სომხეთი - 3
აზერბაიჯანი - 2
თურქეთი - 2
იაპონია - 2
უზბეკეთი - 2
ყირგიზეთი - 2
ჩინეთი - 2
ბულგარეთი - 1
ეგვიპტე - 1
ლიეტუვა - 1 
სერბეთი - 1
უკრაინა - 1
უნგრეთი - 1
ყაზახეთი - 1
ჩეხეთი - 1


ცნობისთვის, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მოჭიდავეები 7-7 წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ და საქართველო 7 თავისუფალი სტილის და 6 ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავით იყო წარდგენილი;

რიოში მოჭიდავეები 6-6 წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ და საქართველო 6 თავისუფალი სტილის და 5 ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავით იყო წარდგენილი;

ტოკიოში მოჭიდავეები 6-6 წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ და საქართველოს 3 თავისუფალი და 4 ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავით იყო წარდგენილი;

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მოჭიდავეები 6-6 წონაში იასპარეზებენ და საქართველოს ამ დროისთვის ორი ლიცენზია აქვს მოპოვებული (თავისუფალი სტილით ჭიდაობა, 97 და 125 კგ წონები).  ლიცენზიების მოსაპოვებლად საქართველოს ლიცენზიის მოსაპოვებლად კიდევ ორი ფაზა რჩება. პირველი ფაზა ევროპის საოლიმპიადო საკვალიფიკაციო შეჯიბრებაა, სადაც ლიცენზიის ასაღებად ფინალში გასვლა იქნება აუცილებელი, უკანასკნელი შანსი კი მსოფლიო საკვალიფიკაციო შეჯიბრებაა, სადაც ასევე ფინალში გასვლა იქნება აუცილებელი.