სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე ბერძენმა მოჭიდავე ქალმა, 33 წლის მარია პრევოლარაკმა დიდი ხნის ოცნება აიხდინა და პირველად გახდა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული.

მარია პრევილორაკისთვის ბრატისლავის ევროპის ჩემპიონატის რიგით მეთოთხმეტე იყო. მას დღემდე ევროპის ჩემპიონატის 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი ჰქონდა.

სომეხი მოჭიდავე, ევროპის შვიდგზის ჩემპიონი (2012, 2013, 2014, 2018, 2020, 2023, 20240 არტურ ალასანიანი ევროპის ჩემპიონატზე 2017 წლის შემდეგ არ იყო დამარცხებული. ბრატისლავაში მან ბულგარელ კირილ მილოვთან 1:3 წააგო.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 74 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ოქროს მედალი ალბანელმა ჩერმენ ვალიევმა მოიპოვა. მან ფინალში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ზაურბეკ სიდაკოვი დაამარცხა. ორივე სპორტსმენი ჭიდაობის ოსური სკოლის წარმომადგენელია. ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ და ერთმანეთში მეგობრობენ. აქამდე ერთმანეთს შორის გამართული ოთხივე ოფიციალურ შეხვედრა სიდაკოვს ჰქონდა მოგებული. დაჯილდოების ცერემონიალზე მას ალბანეთის მოქალაქეობის მიღების და ალბანეთის სახელით ასპარეზობის გამო მოღალატე უწოდა და მედალი უხეშად ჩამოჰკიდა ყელზე რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ მამიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა განაცხადში შეყვანილი 160 მოჭიდავიდან 10 ჭიდაობის ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსეთის წარმომადგენელი იყო, 32 კი სხვადასხვა ქვეყნის სახელით მოასპარეზე ყოფილი რუსი მოჭიდავე.

შეგახსენებთ, რომ ბრატისლავაში კარიერაში მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი გივი მაჭარაშვილმა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სამი და მეტი მედალი დღემდე მხოლოდ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (2014, 2016, 2017) და ელდარ კურტანიძეს (1996, 1997, 1998, 2001, 2005) ჰქონდა მოპოვებული.