სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება.
"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
აქვე განვმარტავთ, რომ დღეს ადვოკატთა შეხვედრების ოთახში ბრალდებული ფეიქრიშვილი გამოყვანილი იყო მის ადვოკატთან შესახვედრად, რა დროსაც მან მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა, ამასთან, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა. პატიმრები მის პროვოკაციულ მოწოდებას არ აჰყვნენ და მას ამ საქციელის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. დავით ფეიქრიშვილი ითხოვდა მის ძმასთან შეხვედრას, მაგრამ ვინაიდან ძმები ფეიქრიშვილები ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არიან ბრალდებულნი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დაწესებულებაში მათი გადაკვეთა დაუშვებელია.
აქვე აღვნიშნავთ, რომ, ვინაიდან უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია დავით ფეიქრიშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, 19 ოქტომბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა იშუამდგომლა საქართველოს პროკურატურასთან (რომლის გადაწყვეტილებითაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულს შეზღუდული აქვს პაემნების და სატელეფონო საუბრების უფლება). პროკურატურამ გაითვალისწინა პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა და ბრალდებულს მიეცა ერთჯერადად ოჯახთან (დედასთან) სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თავად ბრალდებულის დედა 19 ოქტომბერს მედიასაშუალებებში გავრცელებულ კომენტარში ცალსახად აცხადებდა და შვილმაც დაუდასტურა, რომ კარგად არის და ბრალდებულის ადვოკატიც დედასთან საუბარში ერთმნიშვნელოვნად უარყოფდა დავით ფეიქრიშვილზე ციხეში ვინმეს მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს.
ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ძმებ ფეიქრიშვილების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს უწყების დისკრედიტაციის მცდელობის გაგრძელებად და მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან." - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 22 სექტემბერს დაკავებული ძმები - გიორგი და დავით ფეიქრიშვილების ადვოკატის პაატა გოგიაშვილის თქმით, დავით ფეიქრიშვილის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაზიანება მიაყენეს
სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ომბუდსმენის რწმუნებული იმყოფებოდა N8 ციხეში, სადაც ბრალდებულმა დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა
შინაგან საქმეთა სამინისტროს 22 სექტემბრის გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით ძმები - გიორგი და დავით ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირია დაკავებული
16 ოქტომბერს დააკავეს ვახტანგ ჟვანიას(იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი.
17 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ვახტანგ ჟვანიას(იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 2021 წლის ივნისში ვატო ყიფიანი საქართველოში ექსტრადირებულ იქნა და დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109 - ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაში მომზადებას გულისხმობს.
ვატო ყიფიანი ტყუპი ძმების, გიორგი და დავით ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე დააკავეს თუმცა, იგი ბრალს არ აღიარებდა.
2020 წლის 30 იანვარს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისში დაგეგმილი, აფეთქებით ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია საქართველოს 6 და უკრაინის 1 მოქალაქე.








