მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 21, 22 და 23 ოქტომბერს №1979 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თხოვნის საფუძველზე, ამავე მაუწყებლის მიერ არსებითი სხდომის ვიდეო-აუდიო გადაღების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისა და სხვა მედიასაშუალებებისათვის სიგნალის მიწოდების/გავრცელების შესახებ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასცა თანხმობა. ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, აღნიშნული სხდომების ტრანსლაცია ასევე განხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ არხზე – პირდაპირი ეთერის რეჟიმში.
„მაქსიმალურად დაკმაყოფილდება საზოგადოებრივი ინტერესი და სხდომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში.








