ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის მე-3 მიკრორაიონის  II კვარტალში N32ა და ბ კორპუსების წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, კორპუსების შიდა და გარე პერიმეტრზე მილები 812 გრძივ მეტრზე იცვლება, ასევე, მონტაჟდება 13 საკომუნიკაციო ჭა.

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნო  და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„აღნიშნულ მისამართზე ექვსი სადარბაზოს წყალარინების სისტემა მთლიანად იცვლება. ადგილობრივ მცხოვრებლებს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდათ მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა. ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგება. შედეგად ინფრასტრუქტურული პრობლემა 157 ოჯახს მოუგვარდება“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობას ბიუჯეტში 79 521 ლარი აქვს გათვალისწინებული.