23 ნოემბერს, გიორგობას, ქაშუეთის ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ ქადაგებისას, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მისივე ქორეპისკოპოსი, შიო მუჯირი დაასახელა.
მეუფე შიო - ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსია. ის 1969 წლის 1 თებერვალს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა. პარალელურად სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა. 1988 წლიდან, მან სწავლა თბილისის კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში გააგრძელა და პირველ კურსზე ვიოლონჩელისტების პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე გაიმარჯვა - პირველ ადგილზე გავიდა.
1991 წელს ელიზბარ მუჯირი შიომღვიმის მონასტერში მორჩილად დაემკვიდრა. ბერად 1993 წლის 5 იანვარს აღიკვეცა. საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ბერ-დიაკონი შიო 1996 წელს მღვდლად აკურთხა. ერთ წელიწადში ის თბილისის კლდის უბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მღვდელმონაზონმა 1998 წელს ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია დაამთავრა და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე განაგრძო. ამავე წლის 3 აპრილს მას მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან - ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. 2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად გამოარჩია. 7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა მისი ეპისკოპოსად კურთხევა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ წმიდა სინოდის წევრების თანამონაწილეობით შეასრულა.
2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო წმიდა გიორგის ორდენით დაჯილდოვდა. 2009 წელს ეპისკოპოსი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს. 2010 წელს კი მიტროპოლიტი გახდა.
„აიპრესი“ ჭყონდიდელ მიტროპოლიტს, მეუფე პეტრე ცაავას დაუკავშირდა და უწმინდესის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსმა.
საზოგადოების გარკვეულ წრეებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს მეუფე შიოს რუსული განათლება, როგორ გგონიათ, რჩეული მიტროპოლიტი შიო რუსულ ინტერესების გამტარებელია?!
ჩემი პოზიცია არის სახარებისმერული, უფალი და პავლე მოციქული ბრძანებს: „საქმემან შენმან გამოგაჩინოს...“ ვილოცოთ, დაველოდოთ მეუფე შიოს ღირსეულ ნაბიჯებსა და საქმიანობას. არაერთხელ ვთქვი, ამბროსი ხელაიამ, კირიონ კათალიკოსმა და სხვა სასულიერო პირებმა განათლება დამყრობელ ჩრდილოეთში მიიღეს, თუმცა წერდნენ: „დამეხსენი ჩრდილოეთო“ და ყველაზე დიდ ქართულ საქმეს აკეთებდნენ. ყველაზე კარგი შესაძლებლობაა, როცა, ის ქვეყანა კარგად იცი, მათი ვერაგული და მზაკვრული პოლიტიკა და ამას შენი ქვეყნი სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებს ახმარ. მე ამას ვუსურვებდი ჩვენს ეკლესიასა და მეუფე შიოს, ასეთ სახელმწიფოებრივ-ეროვნულ დაღირსეული ნაბიჯების გადადგმას.
მეუფე შიო გახლდათ იმ სინოდის სხდომის ხელმძღანელი, რომელმაც გაფრთხილება მოგცათ.....
როცა მე ეს მოვისმინე, შევაფასე როგორც შეცდომა - მისი საქციელი და ასევე ოქმს მიკერძოებული და უსამართლო დავარქვი. რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვარ დღემდე ამ სიტყვების. სულ ეს იყო. ჩემი გულისწყრომა ამით ამოიწურა.
ქართული ეკლესია ახალი რეალობის წინაშე დგას, შორენა VS მეუფე შიო...
ჩემი შეფასებით, აქამდე მოსაყდრის ფუნქციები ჰქონდა შორენას, ის იყო საქმიანობით დღემდე მოსაყდრე, ამას სულ ვამბობდი, იყოს ნებისმიერი მამაკაცი და არა ქალი. და ახლა მეუფე შიოს აქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, რომ ეკლესიაში და საპატრიარქოში არაჯანსაღი ძალის წინააღმდეგ ნაბიჯები გადადგას და მეუფე შიოს ვუსურვებ ამ ნაბიჯების გადადგმას საქართველოს ეკლესიის სასიკეთოდ.
შეძლებს მეუფე შიო მიიღოს გადაწყვეტილებები შორენასთან შეუთანხმებლად?!
მე ვლოცულობ, ვილოცებ და ვისურვებ მეუფეს აღმოაჩნდეს ის პრინციპულობა, პირდაპირობა და გამბედაობა, რომელიც შეებრძოლება ამ არაჯანსაღ ძალებს, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოში არიან და ეკლესიას მტრობენ და ვისურვენ მათ წინააღმდეგ იბრძოლოს და მას შეეწევა უფალი იესო ქრისტე. მე ამას ვისურვებ, დანარჩენს ქრისტე გვიჩვენებს.
რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის ეს გადაწყვეტილება?!
მიმაჩნია, რომ სინოდის წევრთა უმრავლესობისთვის ეს გადაწყვეტილება იყო მოულოდნელი. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას. შევთხოვ უფალს, რომ იყოს ღვთის ნება და წარმატებებს ვუსურვებ მოსაყდრე შიოს. მეუფე შიოს უფლება აქვს მიიღის გადაწყვეტილებები, ორგანიზება გაუწიოს საბჭოებს, ერთპიროვნულად გადაწყვიტოს პატრიარქის დავალებები და ისარგებლოს უწმინდესის სრული ნდობით. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ უწმინდესის ამ გადაწყვეტილებას. ეს იქნება ლუსტრაცია სინოდისა და ეკლესიის წევრებისთვის. როგორც ერთი ფილოსოფოსი ამბობს, უშურველობა გენიოსების თვისებაა და გამოჩნდება ახლა რამდენი გენიოსია.
როგორ გგონიათ, უწმინდესმა ბრძანება მარტომ დაწერა და...
ვერ გეტყვით, ყველა ვერსია შეიძლება იყოს განხილული. ერთი ვერსიით - თუ უწმინდესმა ეს ასე ჩუმად დაწერა და არავის შეუთანხმა, იწვევს კითხვის ნიშანს, რატომ ასე ჩუმად და დამალულად. განვიხილოთ მეორე ვერსია, ეს შეიძლება სპეციალურად დაიწერა უწმინდესის ხელით, რომ არავის ეჭვი არ გაჩენოდა შორენა არის თუ არა ამ გადაწყვეტილების საქმის კურსი. თუ ეს ასეა, მაშინ ეს არის მზაკვრული სცენარი, ამის გამო მან პასუხისმგებლობა მოიხსნა და ნამდვილი რუხი კარდინალის ფუნქცია შეასრულა. უფალმა იცის სიმართლე და მთავარია, რომ ჩვენ ეკლესიაში მეტი ნათელი დავინახოთ. პატრიარქის ეს გადაწყვეტილება არის წინგადადგმული ნაბიჯი.
ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ უწმინდესმა დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩამოიყვანა ქობულეთის ეპარქიიდან, დაავალა მას, რომ ის ყოფილიყო საპატრიარქოს ქონების მართვის და ფინანსური საკითხების უფროსი, ასევე დაავალა საპატრიარქოში არსებული ფინანსური პრობლემების აღმოფხვრა. მამაომ ღირსეულად დაიწყო ბრძოლა პირდაპირ უსამართლობასთან და კორუფციასთან. მაგრამ მამაო აღმოჩნდა საპყრობილეში ციანიდით ხელში, ასეთი სამარცხვინო რეალობა გვაქვს. ის ერთია, რომ პატრიარქს უნდა ეკლესიაში არსებული სიტუაცია გამოსწორდეს, მაგრამ რამდენად მისცემს პატრიარქის მიერ ნდობა გამოცხადებულს ამის საშუალებას გარემო და ადამიანი რამდენად გაუმკლავდება ამ ყველაფერს ეს მეორეა. ჩვენ ამის ერთი ფაქტი გვაქვს მამა გიორგის სახით, რომელიც დაისაჯა იმიტომ რომ დაიწყო პატრიარქის კურთხევით დავალებების შესრულება და საპატრიარქოში არსებული დარღვევების აღმოფხვრა. ის სწორედ ამისთვის დაისაჯა. ეს მაგალითი ხომ არის.