ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური პრესა ავრცელებს.
ვარშავაში, პარასკევიდან შაბათის ღამის დადგომის წინ, კონსტიტუციის მოედანთან არსებული ქართული რესტორნის წინ ატეხილი ჩხუბის დროს, დანით დაჭრილი სამი პირიდან ერთის, დანით მკერდის არეში დაჭრილის, გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილი, 31 წლის ასაკის პიროვნება, საქართველოს მოქალაქეა. საქართველოს მოქალაქეები არიან აგრეთვე დაჭრილები. ვრცელდება ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების შესახებ.
მომხდარის მიზეზები ამ დროისთვის გაურკვეველია. პრესა წერს, რომ კამათი, სავარაუდოდ, რესტორანში დაიწყო, შემდეგ მამაკაცები გარეთ გამოვიდნენ და რაღაც მომენტში ჩხუბი დანებით გააგრძელეს.
პრესა მომხდართან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები ხშირად ფიგურირებენ უცხოელთა მხრიდან ჩადენილ კანონდარღვევებში. მაგალითად, interia იხსენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, იაცეკ დობრჟინსკის განცხადებას, რომლის თანახმადაც, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეების დაკავების 1895 შემთხვევა დაფიქსირდა.
„2024 წლის ბოლოსთვის პოლონეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საქართველოს 322 მოქალაქეა. მესაზღვრეების გადაწყვეტილებით, გასულ წელს საქართველოს 2589 მოქალაქე გააძევეს პოლონეთიდან“ - აღნიშნავდა იაცეკ დობრჟინსკი.
ამავე გამოცემის თანახმად, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი ასევე საუბრობდა დედაქალაქში მცხოვრებ ქართველებში კრიმინალურ საქმიანობასთან კავშირის შედეგად წარმოშობილ პრობლემებზე.