ბრატისლავაში სტუმრად მყოფ ნატოს გენერალურ მდივანს სლოვაკეთის პრეზიდენტი შეხვდა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა კი, იანვრის ბოლოს რობერტ ფიცოს მიერ მასთან შეხვედრის და საუბრის სურვილის გამოხატვის მიუხედავად არ შედგა.
ბრატისლავაში ჩასული ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინმა განაცხადა, რომ სლოვაკეთი არის და იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძლიერი წევრი სახელმწიფო, რომელსაც არც ევროკავშირის და არც ალიანსის მიმართ ერთგულების ხარისხის შეცვლის ინტერესი არ გააჩნია.
პეტერ პელეგრინმა ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ კონფერენციაზე იმ მოვალეობის შესახებ ისაუბრა, რაც სლოვაკეთს გააჩნია ნატოს თავდაცვით ხარჯებთან მიმართებით და აღნიშნა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები რთული დებატები აქვთ იმის თაობაზე, თუ რა პროცენტით უნდა გაიზარდოს მათი სამხედრო ხარჯები და რა ტემპით შეიძლება ამის მიღწევა. ამასთან, მან მიუთითა, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავდაცვისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობის გაზრდა, არამედ იმ წილის გაზრდა, რომელიც გამოიყოფა მოდერნიზაციისთვის და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ნატოს მიერ განსაზღვრული 20%-ის ნაცვლად, სლოვაკეთში თავდაცვისთვის გამოყოფილი მთლიანი ხარჯების 35 პროცენტამდე ხმარდება მოდერნიზაციას და არა მხოლოდ არმიის არსებობას თუ ფუნქციონირებას.
პელეგრინის თქმით, მან ასევე განიხილა რუტესთან ორმაგი დანიშნულების პროექტების საკითხი და აღნიშნა, რომ ასევე აუცილებელი საჭიროებაა განხილვა იმისა, თუ რამდენად უნდა შევიდეს ასეთი პროექტები თავდაცვის ხარჯებში (სლოვაკეთი თავდაცვაზე მშპ-ს ~2% გამოყოფს - „აიპრესი“).
ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე თავდაცვისთვის მშპ-ს სამი პროცენტის დახარჯვაც კი არ იქნება საკმარისი და რომ ალიანსის ფარგლებში უნდა იყოს შეთანხმებული კონკრეტული მიზანი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიზნის მიღწევის გრაფიკი ამბიციური უნდა იყოს. მისი თქმით, თავდაცვის ხარჯები წელს ჰააგაში იქნება განხილული, ზრდას ყველა წევრი ქვეყნიდან მოითხოვს არა მხოლოდ ალიანსის გენერალური მდივანი, არამედ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.
შეერთებულ შტატებს სურს ძლიერი ნატო და ყველა ქვეყანამ უნდა შეიტანონ წვლილი საერთო თავდაცვაში, - თქვა რუტემ.
აღსანიშნავია, რომ მარკ რუტეს ბრატისლავაში სტუმრობას მოუთმენლად ელოდებოდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო. იანვრის ბოლოს მან განაცხადა, რომ მარკ რუტე მალე ეწვევა სლოვაკეთს და მომავალ შეხვედრას უაღრესად მნიშვნელოვანი უწოდა.
„თქვენ იცით, რომ მე მაქვს სკეპტიკურად ვუყურებ თქვენს ზოგიერთ განცხადებას, მაგრამ მჯერა, რომ აზრთა პირადი გაცვლა საშუალებას მოგვცემს დავაზუსტოთ ეს საკითხები"- ამბობდა ფიცო.
სლოვაკური მედიის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რობერტ ფიცო აშშ-ში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედებების კონფერენციაზე (CPAC) გაფრინდა, სადაც ის სიტყვით გამოვა.
პრემიერ-მინისტრმა გამგზავრების წინ თავის ფეისბუქ-გვერდზე გააკეთა განცხადება. იქვე ატვირთულ ვიდეოში კი თქვა, რომ ევროპაში ერთმანეთის შეურაცხყოფა უნდა შეწყვიტონ.
„ჩინეთის, სამხრეთ კორეის, ბრაზილიის, რუსეთის, თურქეთის, სერბეთისა და ვატიკანის მონახულების შემდეგ, ეს ჩემი მხრიდან სლოვაკეთის აქტიური საგარეო პოლიტიკის განხორციელების კიდევ ერთი მცდელობა იქნება“ - ამბობს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ფეისბუქზე ატვირთულ ვიდეოში.