ასეთი სათაურით სტატიას პოლონური Dziennik-ი აქვეყნებს, Gazeta Wyborcza კი წერს, რომ ვარშავაში იზრდება მძიმე დანაშაულების - თავდასხმებისა და ძარცვის რიცხვი; ასეთი დანაშაულისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა სამჯერაა გაზრდილი.

პოლონეთში არსებული სოტუაცია მოგვაგონებს 1990-იან წლებს, როდესაც პრუშკოვისა და ვოლომინის ბანდები მართავდნენ ქუჩებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ამჯერად ადგილობრივი მაფია ჩანაცვლებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებით საქართველოდან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც თანდათან აფართოებენ კონტროლს არალეგალურ ბიზნესზე და სულ უფრო და უფრო თავხედურად ყაჩაღობენ და აფრთხილებენ, რომ სიტუაცია კონტროლს უნდა დაექვემდებაროს ბანდების დამკვიდრებამდე და უკრაინის ომის დასრულებამდე, რადგან კრიმინალებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა იარაღის უზარმაზარ რესურსებზე, როგორც ეს მოხდა ყოფილ იუგოსლავიაში ომის შემდეგ.

გამოცემა plus-minus-ი მკითხველს ქართველთა კრიმინალების სისასტიკის და მათ მიერ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულების შესახებაც მოუთხრობს.

გასაოცარია დამნაშავეების სისასტიკე. საქართველოს 32 წლის მოქალაქემ ხანში შესულ ქალებს ფულს სტაცებდა და მსხვერპლს კიბეებიდან აგორებდა. დედაქალაქის პოლიციამ ის 2024 წლის ნოემბრის ბოლოს დააკავა, - ნათქვამია გამოცემის გამოქვეყნებულ დამნაშავის თვალების შავი ზოლით დაფარულ ფოტოზე თანდართულ მინაწერში.



გამოცემა საქართველოდან კრიმინალთა მრავალრიცხოვანი და სხვადასხვაგვარ დანაშაულს ჩამოთვლის და აღწერს და დამნაშავეთა განსაკუთრებულ თავხედობაზე და დაუნდობლობაზე ამახვილებს ყურადღებას: ავტომობილის საბურავის ბასრი საგნის შერჭობით დაშვება, მძღოლის საბურავის გამოცვლის დაწყებისთანავე ავტომობილის სავარძლებზე არსებული ნივთების გატაცება; ქალაქის ცენტრში არსებულ საიუველირო მაღაზიაში ნიღბებით შეჭრა, დაცვის თანამშრომელზე გაზის შესხურება და გათიშვა, იარაღის მუქარით თანამშრომელთა და კლიენტთა დატერორება, ვიტრინების ჩამსხვრევა, ძვირფასეულობის გატაცება და დანაშაულის ადგილიდან ელექტროსკუტერებით გაქცევა; ვალუტის გადამცვლელ პუნქტებზე თავდასხმები; გზაზე ავტომობილით მოძრაობისას წინასწარ შერჩეული პირის ავტომობილზე მსუბუქი დარტყმის მიყენებით მძღოლის იძულება შეაჩეროს მანქანა და გადმოვიდეს, რის შემდეგაც იგი ძარცვა-ყაჩაღობის მსხვერპლი ხდება; საცხოვრებელი ბინიდან გამოსულ პიროვნებაზე უკნიდან მიპარვით და თავში რაიმე საგნის ჩარტყმით გათიშვა და მსხვერპლის ასიათასობით და მილიონობით ზლოტითაც კი სავსე ჩანთის გატაცება; შეძლებული პირის სახლში შეჭრა, ხელფეხშეკრული ბავშვების სააბაზანოში ჩაკეტვა, მშობლების მდუღარე წყლის გამოყენებით წამება; ბიზნესმენთან შეჭრა, თავში რტყმევით და თავზე მდუღარე წყლის გადასხმით სეიფის კოდის მოთხოვნა და ბიზნესმენის იმდენად გაოგნება, რომ მან კარგა ხანს ვერ შეძლო კოდის გახსენება და სხვა.

2024 წელს პოლონეთის პოლიციამ საქართველოს 1895 მოქალაქე დააკავა. მათგან სასამართლოს გადაწყვეტილებით საპატიმრო ღონისძიება შეეფარდა 136-ს. 2024 წლის ბოლოსთვის პოლონეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სულ საქართველოს 322 მოქალაქეა. გასულ წელს საქართველოს 2589 მოქალაქე გააძევეს პოლონეთიდან, -  წერს პოლონური მედია.

პარასკევს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მიგრანტების მიერ ჩადენილ დანაშაულთა შესახებ კითხვაზე პასუხის დროს აღნიშნა, რომ მან შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს დაავალა სასწრაფო გეგმის წარდგენა უცხოელთა მიერ ჩადენილ ორგანიზებულ და ძალადობრივ დანაშაულზე დაუყოვნებლივი რეაგირების მიზნით.

„ნებისმიერი პირი, ვინც ეწვერვა პოლონეთს, ისარგებლებს ჩვენი სტუმართმოყვარეობით და უხეშად დაარღვევს კანონს, დეპორტირებული იქნება პოლონეთიდან“, - განაცხადა მან.