თვითმმართველი ქალაქების მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ნებართვა გასცენ თვითმმართველი ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა და მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის თაობაზე.

შესაბამისი ცვლილებები „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან. მოქმედი კანონმდებლობით, თვითმმართველ ქალაქებს (გარდა თბილისისა) არ აქვთ შესაძლებლობა, დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

„იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველი ქალაქი გადაწყვეტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებას, აღნიშნული ხელს შეუწყობს თვითმმართველი ქალაქის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, ვინაიდან თვითმმართველ ქალაქს მიენიჭება უფლებამოსილება, სანებართვო საქმიანობის განხორციელებისას დააწესოს ნებართვის გაცემის საფასური. სსიპ-ების დაფუძნების შედეგად გაჩნდება დაჩქარებული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა, რომლის საფასურიდან მიღებული შემოსავალიც მიემართება სსიპ-ის ბიუჯეტში, ხოლო კანონით დადგენილი მოსაკრებლები – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში“, – ნათქვამია პროექტში.