მარნეულის მუნიციპალიტეტში, მატარებლის დაჯახების შედეგად ლიანდაგზე გადასული რამდენიმე ათეული სული ცხვარი დაიხოცა. ფაქტთან დაკავშირებით დაჯარიმდა მეცხვარე.
ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა ტელევიზიამ, ტვ24-მა (24news.ge) გაავრცელა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ტვ24-ის თანახმად, მეცხვარეს 40-მდე სული ცხვარი დაეხოცა.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლიანდაგზე - მარნეულის სოფელ წერეთლის მიმდებარედ - ყრია რამდენიმე ათეული დახოცილი პირუტყვი, რომელსაც იქ მყოფი ადამიანები ლიანდაგიდან ყრიან.
ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები ამბობს, რომ მატარებელი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერიდან მოდიოდა, მძღოლმა სიჩქარის შენელება სცადა, თუმცა ვერ მოასწრო და ლიანდაგზე გადმოსული ცხვრები გაიტანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მწყემსი დააჯარიმეს - ადმინისტრაციული წესით.
იგი დაჯარიმებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 127-ე მუხლით, - რაც, სხვა გარემოებებთან ერთად, გულისხმობს გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევას.









