საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა.
კულტურის დღეები ანსამბლ “ერისიონის“ კონცერტით გაიხსნა. ანსამბლი სიმღერისა და ცეკვის პროგრამით - “ქართული საგანძური“ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპრეზიდენტო კომპლექსში, ბეშთეფეს კონგრესისა და კულტურის ცენტრში წარდგა. ამავე სივრცეში გამოფენილი იყო ქართული ტრადიციული სამოსი და სამკაულები.
დიქმენ ვადისის პარკის ამფითეატრში მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ ანსამბლები: “რირაში", “კაფდაღი", "ალილო" და ეთნო ჯაზ-ბენდი "ირიაო".
ქართული კულტურის დღეებმა თურქეთში დიდი ინტერესი გამოიწვია და წარმატებით ჩაიარა.
კულტურის დღეებს ესწრებოდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი თათა სვანიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე.