ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
2024 წლის სამოქმედო გეგმა საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიის გათვალისწინებით შემუშავდა. გეგმაში ასახულია სტრატეგიული ამოცანების შესაბამისი აქტივობები, მათი უმეტესობა წარმოადგენს სიახლეს ან გულისხმობს ახალ მიდგომას, დაფუძნებულია მტკიცებულებებზე და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს ინოვაციურ მიდგომას.
საზოგადოების ინფორმირება და განათლება, სამართალწარმოების პროცესის განვითარება, მართვის ეფექტიანობის ზრდა, შესაძლებლობების განვითარება, საარჩევნო ოპერაციების ჰარმონიზაცია საკანონმდებლო (ტექნოლოგიურ) სიახლეებთან და ტექნოლოგიების გამოყენება საარჩევნო პროცესში - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელთა შესასრულებლად კონკრეტული აქტივობები დეტალურად არის გაწერილი სამოქმედო გეგმაში.
აღსანიშნავია, რომ გეგმის დამტკიცებას წინ უძღოდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც განსხვავებული მიდგომით, ინკლუზიურად და თანამშრომელთა მაღალი ჩართულობით ჩატარდა და მიმდინარე წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგების განხილვასა და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვას ითვალისწინებდა. მანამდე კი გაიმართა ინტენსიური შეხვედრები ყველა სტრუქტურული ერთეულისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლებთან.
„წინ გვაქვს მნიშვნელოვანი წელი. არჩევნების მოდერნიზების პროცესში 2024 წლის პარლამენტის არჩევნები უმნიშვნელოვანესი ეტაპია. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის უპასუხოს უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებს. გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩართულ მხარეებთან, კიდევ უფრო ინტენსიური იქნება ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით. მზად ვართ შევასრულოთ სამოქმედო გეგმით გაწერილი აქტივობები და უზრუნველვყოთ მომავალი არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირება“,- აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა სხდომის დასრულების შემდეგ.