თბილისის გვირაბებში გარე განათების ქსელის განახლების პროცესი სრულდება.
ბოლო ეტაპზე ამირეჯიბის გზატკეცილიდან ბახტრიონის ქუჩაზე გადასასვლელ გვირაბში, გალაკტიონის ხიდის ქვეშ და დავით აღმაშენებლის ძეგლის ქვეშ გვირაბებში არსებული სანათები LED განათების სისტემით შეიცვალა. სამივე
გვირაბში, საერთო ჯამში, 156 ერთეული თანამედროვე სტანდარტების, მძლავრი ნათების მქონე, ენერგოეფექტური სანათი დამონტაჟდა.
მიმდინარე სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.
„დედაქალაქში არსებულ გვირაბებში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია თითქმის დავასრულეთ. მოგეხსენებათ, LED სანათების ხარისხი ბევრად უკეთესია, ასევე, ნაკლებად ხარჯიანი და მეტად გამძლეა. აღნიშნული სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგიის ხარჯის 65%-იან ეკონომიას მივიღებთ“, - აღნიშნა გიორგი
პაპავამ.
გარე განათების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის მერიის დავალებით ახორციელებს.