სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კამპანია „შენი მოედნის“ ფარგლებში თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს, რომლის მიზანიც სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება-მოწყობის გზით საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა, ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ ქოქოსაძემ მოაწერეს.
როგორც მხარეებმა განაცხადეს, აუცილებელია შეიქმნას სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას და გაზრდის სპორტულ ინფრასტრუქტურაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობას.
კამპანია „შენი მოედნის“ ფარგლებში განხორციელდება არსებული სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და კომპლექსური ექსპლუატაცია; სპორტულ აქტივობებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოხდება მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ფენების მაქსიმალური ჩართვა; ეზოებსა და უბნებში სხვადასხვა ფორმატის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფორმირება; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ვოლონტიორული მოძრაობის და ტერიტორიული პრინციპით სოციალურად მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზება.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, აღნიშნული მემორანდუმი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის საუკეთესო მოდელია. გიორგი ტყემალაძემ საქართველოს ბანკს გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში დაიწყება, წარმატებული იქნება.
„დღეს გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც დედაქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას და განვითარებას გულისხმობს. ვფიქრობ, რომ ეს არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის საუკეთესო მოდელი, რაც მოსახლეობისთვის სპორტული ინფრასტრუქტურით სარგებლობას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი იქნება წარმატებული“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, კამპანიის ფარგლებში, პირველი საპილოტე პროექტი ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე განხორციელდება.
აღნიშნული აქტივობები მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და კამპანიაში ჩართული კომპანიების ფინანსური რესურსით განხორციელდება. თბილისის საკრებულო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელს შეუწყობს ბანკს სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში. სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მოეწყობა, მოსახლეობისთვის სრულიად უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, ზურაბ ქოქოსაძის თქმით, საქართველოს ბანკი სპორტის განვითარების და ახალი პოტენციალის გამოვლენისთვის საჭირო შესაძლებლობების შექმნას აქტიურად აგრძელებს.
„საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს საქართველოში სპორტული სახეობების განვითარების ხელშეწყობასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესის გაღრმავებას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების, ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების, ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტების მთავარი მხარდამჭერია. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ სპორტის განვითარების და ახალი პოტენციალის გამოვლენისთვის საჭირო შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნა ზურაბ ქოქოსაძემ.
თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკთან ერთად, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კამპანია „შენი მოედნის“ წარმდგენები აიპ „მომავლის კალათბურთი“, მისი პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი მერაბ ბოქოლიშვილი და კომპანია „Renew Holding“-ი არიან.