დონალდ ტრამპმა და მელანია ტრამპმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს და მის მეუღლეს უპრეცედენტო პატივი მიაგეს და ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე თვითმფრინავის ტრაპთან პირადად დახვდნენ.
ენდრიუსის ბაზაზე გაშლილ 30-მეტრიან წითელ ხალიჩასთან ტრამპისა და პირველი ლედის გამოჩენით ჩინეთის ლიდერის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი შეერთებულ შტატებში ოფიციალურად დაიწყო.
ამერიკელი პრეზიდენტები, როგორც წესი, უცხოელ კოლეგებს თეთრ სახლში ელოდებიან და აეროპორტში დახვედრა უპრეცედენტო ჟესტია. ექსპერტების შეფასებით, ტრამპის ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს მის პერსონალურ დიპლომატიურ სტილს და სურვილს, ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მოლაპარაკებები პოზიტიურ ნოტაზე დაიწყოს.
ანალიტიკოსებმა მაშინვე გაავლეს პარალელი ტრამპის პეკინში ვიზიტთან. მაშინ, დიპლომატიური ეტიკეტის შესაბამისად, ჩინურმა მხარემ ტრამპს აეროპორტში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო, თუმცა უშუალოდ სი ძინპინი ტრაპთან არ გამოჩენილა - მას ვიცე-პრეზიდენტი დახვდა, ხოლო ოფიციალური მიღება მოგვიანებით შედგა.
აეროპორტის ტრაპთან პირადი დახვედრა ბევრს ასევე ახსენებს ტრამპის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. მაშინ ტრამპმა ანალოგიური, არასტანდარტული ნაბიჯი გადადგა და რუსეთის ლიდერს აეროპორტში პირადად შეეგება, რაც მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ მსგავსი ჟესტებით ტრამპი გლობალური პოლიტიკის პირად ურთიერთობებზე აგებას ცდილობს, თუმცა რჩება კითხვა: მოუტანს თუ არა ეს დიპლომატიური „ჟესტების ომი“ ამერიკულ მხარეს კონკრეტულ შედეგს ორმხრივ მოლაპარაკებებში.
წყარო: The Business Times, AP
მოამზადა რაულ კაპანაძემ




