პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ვარშავა რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს და არმიის მოდერნიზაცია ომის თავიდან აცილების მიზანს ემსახურება. ამასთან, მან იმპერიულ ამპარტავნებაში დაადანაშაულა რუსეთი, რომელიც ჰიბრიდული ომით, საბოტაჟითა და რეზოლუციების იგნორირებით საერთაშორისო სამართლის პრიმატს ძირს უთხრის და რეგიონის დესტაბილიზაციას ცდილობს.

გაეროში კაროლ ნავროცკის გამოსვლის ძირითადი თეზისები:

1. პოლონეთი და რუსეთი

◘ „როგორც რუსეთის მეზობელი სახელმწიფოს წარმომადგენელი, მკაფიოდ ვამბობ: ჩვენ არ ვეძებთ კონფრონტაციას“. 

◘ „ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ალიანსებს, უფრო მტკიცეს ვხდით ჩვენს ჯარს და ვაახლებთ მის შეიარაღებას არა ომის  დასაწყებად, არამედ თავიდან ასაცილებლად“.

◘ „მრავალი წლის განმავლობაში ჩემი ქვეყნის წარმომადგენლები ამ დარბაზშიც და გაეროს უშიშროების საბჭოშიც ცდილობდნენ ყურადღება გაემახვილებინათ იმაზე, რომ ვითარება, როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი - რუსეთი, უშედეგოდ, თუმცა სასტიკი სიჯიუტით ცდილობს მეზობელი სახელმწიფოს დაპყრობას და მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებსაც ჩვენ, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების ხელმომწერნი, მხარს ვუჭერთ“.

◘ „რუსეთი, რომელიც ღია აგრესიის, ჰიბრიდული ოპერაციების, საბოტაჟისა და დივერსიული აქტების მეშვეობით ახდენს ევროპაში სიტუაციის დესტაბილიზაციას, ისევე როგორც უგულებელყოფს ამ ასამბლეის თანმიმდევრულ რეზოლუციებს, ავლენს იმავე იმპერიულ ქედმაღლობას, რომელმაც ორ მსოფლიო ომში წარმოუდგენელი ტანჯვა და ტრაგედია გამოიწვია“.

◘ „ჯერ კიდევ არ არის გვიან საერთაშორისო სამართლის უზენაესობის აღდგენა და იმ სისტემის საფუძვლების განმტკიცება, რომელშიც წესებს მნიშვნელობა აქვს და რომელშიც საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი ძალებით და სოლიდარულად უპირისპირდება გაეროს წესდებით აკრძალულ აგრესიას“.

◘ „ისტორიამ გვასწავლა, რომ თავისუფლება და სუვერენიტეტი საკუთარ თავს თავად ვერ დაიცავენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ აღსავსე ვართ მტკიცე ნებით, წინ აღვუდგეთ კრემლის სულ უფრო აგრესიული პოლიტიკიდან მომავალ საფრთხეებს“.

თავის გამოსვლაში ნავროცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი არ მიისწრაფვის რუსეთთან კონფრონტაციისკენ და რომ მისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია მიმართულია ომის თავიდან აცილებისკენ.

◘ „ჩვენი მიზანია შეკავება და თავდაცვა: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების საფუძველში ჩადებული ორი ძირითადი ფასეულობის - თავისუფლებისა და სუვერენიტეტის - დაცვა“.

კაროლ ნავროცკიმ ასევე გაამახვილა ყურადღება ნატოს როლზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი ალიანსს ევროპული უსაფრთხოების გარანტად განიხილავს.

პრეზიდენტმა ასევე შეახსენა ყველას რუსეთის ჰიბრიდული ომი, რომელიც მოიცავს დივერსიებს, კიბერშეტევებსა და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ სხვა ოპერაციებს.

◘ „ჩვენ საქმე გვაქვს არა ცალკეულ ინციდენტებთან, არამედ თანმიმდევრულ, კარგად გააზრებულ სტრატეგიასთან“. 


2. პოლონეთი და დიდი ოცეული

თავისი გამოსვლისას ნავროცკი მიესალმა აფრიკის ცარვას დიდ ოცეულში და შეეხო დიდი ოცეულის სამიტზე პოლონეთის მიწვევის თემას და განაცხადა:

◘ „ამ ფორმატში პოლონეთი ცენტრალური ევროპის რეგიონის ხმა იქნება“  

◘ „ამჟამად პოლონეთი მსოფლიოს მეოცე უდიდესი ეკონომიკაა. ჩვენი გზა განვითარებულ ქვეყნად ჩამოყალიბებამდე იყო შედეგი თანმიმდევრული რეფორმების, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის, პასუხისმგებლობიანი  პოლიტიკისა და მთელი საზოგადოების ძალისხმევის. ჩვენ ამ გამოცდილებას განვიხილავთ არა თვითკმაყოფილების მიზეზად, არამედ ვალდებულებად, რომ ის სხვებსაც გავუზიაროთ“.

3. გაეროს რეფორმა

◘ „ჩვენ გაეროს ვხედავთ არა უბრალოდ მოლაპარაკებების პლატფორმად, არამედ ქმედებებზე ორიენტირებულ ინსტიტუტად. მსოფლიო შეიცვალა და გაეროც უნდა შეიცვალოს. ჩვენ გვჭირდება ორგანიზაცია, რომელსაც ძალუძს რეაგირება მოახდინოს კანონის დარღვევებზე, უზრუნველყოს წესების აღსრულება და ბოლო მოუღოს დაუსჯელობის სინდრომს“. 

წყარო: wiadomosci.onet

მოამზადა რაულ კაპანაძემ