აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სექციის გადაწყვეტილებით, საქართველოში ლაზური ნავის (ფელუკას) ერთადერთ მშენებელ-ოსტატს, 72 წლის მირიან ნუმანიშვილს, მიენიჭა UNESCO-ს მიერ აღიარებული „ცოცხალი საუნჯის“ სტატუსი.
დაჯილდოების ღონისძიებაზე მირიან ნუმანიშვილს შესაბამისი სიგელი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა გადასცა და ოსტატს მხნეობა და ჯანმრთელობა უსურვა.
ეს აღიარება ხაზს უსვამს ამ ტრადიციული ცოდნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელიც კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ფელუკა წარმოადგენს ტრადიციულ ლაზურ ნავს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა შავი ზღვის სანაპირო სოფლებში თევზჭერისა და სანაპირო მიმოსვლისთვის. ნავის უნიკალური კონსტრუქცია, ფორმა და დამზადების ტექნიკა ასახავს ადგილობრივი მოსახლეობის გამოცდილებით დაგროვილ და ასევე, შთამომავლობისთვის გადაცემულ ცოდნასა და ზღვისპირა ცხოვრების წესს.
ლაზური ფელუკა მთლიანად ხელით მზადდება ადგილობრივი მასალების, განსაკუთრებით, კი წაბლის ხის გამოყენებით. მისი აწყობის პროცესი მოითხოვს დიდი ოსტატობას, სიზუსტესა და ტრადიციული მეთოდების სრულყოფილ ცოდნას, რაც საუკუნეების განმავლობაში ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მირიან ნამუნიშვილი დღეს წარმოადგენს ამ უძველესი ტრადიციის ერთადერთ გამგრძელებელ-ოსტატს.
UNESCO-ს 2003 წლის კონვენციის სრულფასოვნად აღსრულებისთვის, მნიშვნელოვანია „კაცობრიობის ცოცხალი საგანძურის“ სტატუსის გამოვლენა, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად მიიჩნევა.
„კაცობრიობის ცოცხალი საგანძურის“ სტატუსით ის ადამიანები ჯილდოვდებიან, ვინც განსაკუთრებულ ცოდნასა და უნარებს ფლობს მაღალმხატვრული, ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე კონკრეტული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტის შენარჩუნებისათვის.
საქართველოში ამ სტატუსს „ცოცხალი საუნჯე“ ეწოდა და ჩვენ ქვეყანაში მას მხოლოდ ერთი ადამიანი სოფელ მუსხის მკვიდრი, ფარდაგების ოსტატი, მარიამ ჟუჟუნაძე (სტატუსი მიენიჭა 2014 წელს) ფლობს. „ცოცხალი საუნჯის“ სტატუსის მიზანია უნიკალური ცოდნისა და უნარების უწყვეტად გადაცემის ტრადიციის შენარჩუნება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები და საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ,,ნიჭიერთა ათწლედის” საბავშვო ორკესტრმა ირინა ოდიშარიას ხელმძღვანელობით.








