26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ქვეყნის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართა.

რეკრუტებმა ღვთისა და ერის წინაშე საზეიმოდ დადეს ფიცი და საქართველოს თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. თავისუფლების მოედნის პარალელურად, რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს ისტორიულ ადგილებში: ნოქალაქევში - ციხეგოჯთან, გეგუთში - საქართველოს დიდებულ მეფეთა სასახლეში, ვეჯინის ამაღლების
კომპლექსში, სამთავისის კათედრალთან და დარიალის ხეობაში.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა უმაღლეს მთავარსარდალს რეკრუტების ფიცის დადებასთან დაკავშირებით სამხედრო პატაკი ჩააბარა. რეკრუტებს 
ფიცის დადება მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. რეკრუტებმა ჯარისკაცის მრწამსიც წარმოთქვეს.

 თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებსა და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ეს დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სიმბოლოა.


„მხოლოდ მტკიცე და გაუტეხელ ერს შესწევს უნარი და ძალა საუკუნეებით გამოატაროს თავისუფლების იდეა, შეინარჩუნოს ეროვნული იდენტობა, ღირებულებები და ამავე დროს გახდეს თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვართა თანაზიარი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მან განსაკუთრებით აღნიშნა ქართული ჯარის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსების და სამშობლოსადმი ერთგულების სიმბოლოა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებისა და ჩვენი ლიდერების ძალისხმევის შედეგად, საქართველო თავისი ისტორიული ფესვებიდან აღმოცენებული  მრავალსაუკუნოვანი უნიკალური კულტურითა და იდენტობით ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საერთო ევროპულ ოჯახში და ამ ოჯახში, იქნება სუვერენული და თანასწორუფლებიანი სახელმწიფო, როგორც კულტურული და ისტორიული, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით“,- აღნიშნა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.


ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი, მათ შორის: დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, გიორგი კვინიტაძის
სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია, ასევე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების ქვედანაყოფები, ეროვნული გვარდიის, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის
ბრიგადის რეზერვისტებისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის კოლოფები. ღონისძიებას აფორმებდა ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი.

სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშა ეროვნული გვარდიის სარიტუალო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებმა აღმართეს.

მოედანზე მოწყობილმა პირადმა შემადგენლობამ და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

დამოუკიდებლობის დღეს ექვსივე ადგილზე ფიცი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 700-მდე წვევამდელმა დადო, რომელთაგან 50% სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ სადემონსტრაციო გადაფრენით
დაასრულა.

თავისუფლების მოედანზე, ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების

თავმჯდომარეები, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოში 
აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებმა მოსახლეობისთვის, ტრადიციულად მოაწყო სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენები საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში: თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ხონში, ამბროლაურში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, აბაშაში, მარტვილსა და ჩხოროწყუში.

მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებულ, როგორც ქართული, ისე უცხოური წარმოების ტექნიკასა და აღჭურვილობას. აგრეთვე, თავისუფლების მოედანზე სსსტც „დელტამ“ დამთვალიერებლებს, სამეთაურო-საშტაბო მანქანა, სადაზვერვო მანქანა და მოდიფიცირებული
ვარიანტის „დიდგორი - მეომარი“ შესთავაზა.