განსაკუთრებით დღევანდელ დღეს ვინც ფიქრობს, რომ დათესოს შუღლი, გათიშოს და დააპირისპიროს საზოგადოება, ის ხალხი ამ ქვეყანას ემტერება. ეს უნდა ვიცოდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 9 აპრილს საზოგადოებამ იხილა სამარცხვინო ფაქტი, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ ძალადობის აქტი დააორგანიზეს რუსთაველის გამზირზე, მათ შორის იძალადეს 9 აპრილის მონაწილეებზე და მემორიალთან არ მიუშვეს.
„ესენი ცრუ ფიცის და ცრუ ღირებულებების ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში მხოლოდ შუღლს და განხეთქილებას თესავენ. საზოგადოებამ მათ მათ შორის 17 მაისს გასცა პასუხი, როდესაც მთელი ქვეყანა ქალაქების და სოფლების ქუჩებში გამოვიდა და აჩვენა, ქართველი ხალხი სად დგას. ქართველმა ხალხმა დღეს აჩვენა, რას ნიშნავს ერთიანობა და რას ნიშნავს სიამაყე საკუთარი დამოუკიდებლობით. ყველა, ვინც ცდილობს, რომ გათიშოს, ბოროტება დათესოს და ზიზღი შემოიტანოს, ის საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას მხოლოდ მტრობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.