ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

სანზონის დასახლებაში, ლიახვის ქუჩაზე, რომელიც ჩარგლის ქუჩისა და გურამიშვილის გამზირის დამაკავშირებელია, 8 300 კვ.მ ფართობზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

ამ ეტაპზე, ქუჩის ქვედა მონაკვეთზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება, ხოლო  დანარჩენ ნაწილზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

გზის საფარის დაგებამდე, მისამართზე კომპანია GWP-იმ სრულად შეცვალა ამორტიზებული და მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდა როგორც სასმელი წყლის სისტემა, ასევე წყალარინების ქსელი. ასევე, მოგვარდა მიმდებარე ჭოპორტის ქუჩის წყალარინების პრობლემა, 
მოწესრიგდა ტერიტორია და მოეწყო 1500 გრძივი მეტრი ბორდიური.
 
მიმდინარე საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და საკრებულოს წევრი ალექსანდრე ხუჯაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ. 

,,ნაძალადევის რაიონში ვაგრძელებთ როგორც ცენტრალური, ასევე შიდაკვარტალური გზების მოწესრიგებას. აღნიშნულ მისამართზე, პირველ რიგში, კომპანია GWP-ისთან თანამშრომლობის შედეგად შეიცვალა, როგორც წყალგაყვანილობის, ასევე წყალარინების მოძველებული ქსელი. ჩარგლის ქუჩისა და გურამიშვილის გამზირის დამაკავშირებელი ლიახვის ქუჩა, კაპიტალურად რეაბილიტირდა და მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ.

პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივ ბიუჯეტში 855 000 ლარია გათვალისწინებული.