რაღაც მომენტში ზელენსკის რაიმეს მიღება მოუწევს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ ოვალურ კაბინეტში განაცხადა, სადაც ნიუ იორკის არჩეულ მერთან, ზოხრან მამდანისთან შეხვედრა გამართა.

რამდენიმე კითხვა ეხებოდა აშშ-ის 28-პუნქტიან გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ომის შეჩერებას.

„ჩვენ გვაქვს გეგმა. საშინელებაა, რაც იქ ხდება. ეს არასდროს უნდა მომხდარიყო და არც მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს სირცხვილია. მათ უფრო სწრაფად უნდა ემოქმედათ, მაგრამ ახლა ცივი ზამთარია და დიდ ენერგეტიკულ სადგურებზე თავდასხმები ხდება. ჩვენ გვაქვს მშვიდობის მიღწევის გზა. ზელენსკის ამაზე დათანხმება მოუწევს. ძალიან სამწუხაროა. მხოლოდ გასულ თვეს 25 000 ჯარისკაცი დაიღუპა. ასეთი რამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. საშუალოდ 6-7 ათასი სამხედრო იღუპება ორივე მხარეს ერთად. ვფიქრობ, ვუახლოვდებით დასრულებას, თუმცა პროგნოზირება არ მსურს“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს ზელენსკის წინაშე არსებული არჩევანის შესახებ, რაზედაც ტრამპმა უპასუხა: „რაღაც მომენტში მას რაიმეს მიღება მოუწევს“.

„იმას გულისხმობთ, რომ ზელენსკის არ მოსწონს? უნდა მოეწონოს და თუ არ მოსწონს, მაშინ ალბათ უბრალოდ უნდა გააგრძელონ ბრძოლა. რაღაც მომენტში მას მოუწევს რაღაცის მიღება. გახსოვთ, ოვალურ კაბინეტში, არც ისე დიდი ხნის წინ, ვთქვი: „შენ ხელში კოზირები არ გაქვს“, – განაცხადა ტრამპმა.

თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი