თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლების N26-27 კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება.
სკვერში დაგეგმილია განათების სისტემის, საფეხმავლო ბილიკების, დასასვენებელი პავილიონების, სპორტული და საბავშვო მოედნების, სასმელი წყლის შადრევნის მოწყობა.
სამუშაოების საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„სანზონაში რეკრეაციული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საუბარია 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, სადაც იმდენად ცუდი მდგომარეობა იყო, მას მწვანე სივრცეს ვერც დავარქმევდით. ამიტომ, დავიწყეთ სკვერის განახლება. პროექტის ფარგლებში, მთლიანად მოწესრიგდება ტერიტორია, ბავშვებისთვის განთავსდება შესაბამისი ატრაქციონები, მოეწყობა სატრენაჟორო სივრცე, დასასვენებელი პავილიონები, სასეირნო სივრცე განათებებით. დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და განთავსდება უსაფრთხოების კამერები. შემოდგომაზე უნდა იყოს სამუშაოები დასრულებული. ეს იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება, რომელიც, რა თქმა უნდა, შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე განთავსდება საპარკო ავეჯი და შესაბამისი სივრცე მაგიდის ჩოგბურთვისთვის. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - შევა ნოყიერი მიწის ნაზავი და დაითესება ბალახი. სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2,5 მილიონი ლარით ფინანსდება.
მიმდინარე პროექტს, დედაქალაქის მერთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნენ.