თბილისის საკრებულოში „სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იმ სახელმწიფო უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც სექსუალური შევიწროების პრევენციის დოკუმენტი უკვე მოქმედებს. 

დოკუმენტის  ინდიკატორების, პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ გამოცდილების გაზიარების მიზნით გამართული შეხვედრა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, გახსნა.

თინათინ ნიბლოშვილის თქმით, თბილისის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით მიღებული დოკუმენტით დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობა ის ორგანოა, სადაც სექსუალური შევიწროების პრევენციის დოკუმენტი პირველად ამოქმედდა.

„თვითმმართველო​ბებში  სექსუალური შევიწროების  დოკუმენტის დანერგვა თბილისიდან დაიწყო და ეს წამოწყება საქართველოს დანარჩენი რეგიონებისთვისაც, ვფიქრობ,  მაგალითი იქნება.  

უმნიშვნელოვანესი  შეხვედრა  შედგა  დღეს იმ სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სადაც უკვე მოქმედებს სექსუალური შევიწროების პრევენციის  დოკუმენტი. ვიმედოვნებთ, რომ მათი გამოცდილების გაზიარებით  თვითმმართველობაში მოქმედი ეს მექანიზმი მაქსიმალურად სრულყოფილ სახეს მიიღებს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

კითხვა-პასუხის, მსჯელობისა და არგუმენტების შეჯერების შემდეგ შეხვედრის მონაწილეები დოკუმენტის ირგვლივ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და  გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.