სკოლის ორგანიზაციული მოწყობა არის უნიკალური და არც ერთი სხვა ორგანიზაცია მას არ ჰგავს, სკოლა არის ორგანიზაცია, სადაც დაწინაურების საშუალება არ არსებობს და ამ სტატუსებმა გარკვეულწილად, შექმნა დაწინაურების საშუალება, – განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“.

„სკოლაში არის დირექტორი, არის ერთი მოადგილე და 180 მასწავლებელი. ამიტომ, ამ სტატუსებმა გარკვეულწილად, შექმნა დაწინაურების საშუალება. ისევე, როგორც უნივერსიტეტში მე მინდა, რომ ვიყო მაგალითად, სრული პროფესორი და არ მინდა, ვიყო ასისტენტ პროფესორი“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

მისი თქმით, ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარება არის ყველა მასწავლებლის ვალდებულება, მას სტატუსიც რომ არ ჰქონდეს და ამასთან სტატუსი არაფერ შუაშია, მაგრამ სკოლას უამრავი ფუნქცია აქვს შესასრულებელი.

„ახლა ძალიან დიდი აქცენტი კეთდება მაგალითად, ავტორიზაციაზე და ავტორიზაციისთვის სტანდარტებით დადგენილი საჭიროებების შესრულებას მარტო დირექტორი ვერ გააკეთებს. მას სჭირდება ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც სწავლა-სწავლების გარდა, ასევე, სხვა დამატებითი ფუნქციების შესრულებაში დაეხმარებიან დირექტორს და მის მოადგილეს, რომ სკოლამ მიიღოს ავტორიზაცია, ჰქონდეს ავტორიზებულის სტატუსი და თავისი მოსწავლეების წინაშე ასე წარდგეს“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

მისივე თქმით, ის განათლების სისტემაში დიდი ხანია მუშაობს, ხედავს სქემის განვითარებას და მოხდა ძალიან ცუდი რამ, როდესაც მოხდა სახელფასო პოლიტიკის მიბმა სტატუსთან მიმართებაში.

„ეს უფრო უკეთ შეიძლებოდა, ყოფილიყო. მასწავლებლის ხელფასი იყო მცირე და სტატუსის დანამატი იყო მაღალი, ახლაც ასეა და ამან გამოიწვია ეს ციებ-ცხელება, რომ სტატუსებზე მეტი აქცენტი გაკეთებულიყო. მუშაობა მიდის რამდენიმე ვერსიაზე და მინისტრი გადაწყვეტილებას დეკემბერში გამოაცხადებს. ერთი, რაც მინდა, ვთქვა, არის ის, რომ არაფერი ისე დრამატულად არ შეიცვლება, რაც ვინმეს დააზარალებს. არც ერთ მასწავლებელს ეს არ დააზარალებს. მასწავლებლების მიერ მოპოვებულ სტატუსებს არაფერი არ ემუქრება“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

ამასთან, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თქვა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ისეთი სახელფასო ზრდა არც ერთ პროფესიას არ ჰქონია, როგორც მასწავლებელს 2024 წელს ექნება.