თბილისის მერის, კახა კალაძის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ აღსრულების ეროვნულ ბიუროში "TV პირველის" წინააღმდეგ განცხადება შეიტანა.
"დღეს ჩვენ დავიწყეთ აღსრულება კანონიერი ძალაში შესული გადაწყვეტილების და ალბათ ხვალ ან ზეგ გაეგზავნება მეორე მხარეს ოფიციალური მოთხოვნები აღსრულებიდან და ისინი ვალდებულნი არიან შეასრულონ მოცემული გადაწყვეტილება.
მაიამ მამულაშვილის გადაცემაში მაშინ გადიოდა, რომ კახა კალაძემ თითქოს 60 მილიონი აიღო მხოლოდ 1 ტენდერიდან და ჩაიდინა კორუფციული გარიგება და ამას დადასტურებულად ამტკიცებდა. სასამართლოს სამივე ინსტანციამ საბოლოო ჯამში დაადგინა, რომ ეს ფაქტი არის ტყუილი.
გადაწყვეტილება 2 პუნქტისგან არის შემდგარი: პირველი - იმ ყალბი ცნობების უარყოფა, რომელიც გაავრცელა ტელეკომპანია "პირველმა" და მაია მამულაშვილმა და მეორე - არის 15 000 ლარის დაკისრება. თუ ეს თანხა არ იქნა ნებაყოფლობით გადახდილი, ბუნებრივია, რომ მოხდება როგორც უძრავი, ასევე, მოძრავი ქონების, მათ შორის, ანგარიშების დაყადაღება," - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.
ცნობისთვის, 2022 წლის 20 ივნისს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმართა საქალაქო სასამართლოს სარჩელით ცილისმწამებულური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. საქმე ეხება 2022 წლის 5 ივნისს „ტვ პირველის“ ეთერში მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემას, სადაც ჟურნალისტმა გააკეთა განცხადება, რომ კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი ლარი მიიღო.
კახა კალაძემ "ტვპირველსა" და ამავე არხის ჟურნალისტს, მაია მამულაშვილს სასამართლო დავა მოუგო.
თბილისის მერი ჟურნალისტის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და მოპასუხეებისთვის 100 000 ლარის დაკისრებას ითხოვდა. თანხის ნაწილში სასამართლო მხარეს დედაქალაქის მერისთვის 15 000 ლარის გადახდა და ბოდიშის მოხდა დააკისრა.
კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, თუ სასამართლოს გზით მივიღებ "ტვპირველისგან" თანხას, მას მივმართავ ადამიანებისკენ, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ.