საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებმა ახალი პატრიარქი, შიო III აირჩიეს, ეს სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ქართული საზოგადოება დღემდე ინარჩუნებს ძლიერ რელიგიურ იდენტობას, რის გამოც ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ეკლესიას განსაკუთრებულ როლი აქვს, - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო III-ის გამორჩევას საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" ეხმაურება. 

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებმა ახალი პატრიარქი - შიო III აირჩიეს. ეს სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან აქ ეკლესია ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი, 57 წლის შიო III, წმინდა სინოდმა ხმათა უმრავლესობით აირჩია - 39 მღვდელმთავრიდან მას მხარი 22-მა დაუჭირა.

ახალი პატრიარქის აღსაყდრების ცერემონია სამშაბათს, მცხეთაში - საქართველოს ძველ დედაქალაქსა და მართლმადიდებლობის ისტორიულ ცენტრში გაიმართება.

საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად IV საუკუნის დასაწყისში აღიარა. მოსახლეობა დღემდე ინარჩუნებს ძლიერ რელიგიურ იდენტობას - Pew Research Center-ის 2017 წლის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 89% თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს.

შიო III-ის წინამორბედი, ილია II, რომელიც მარტში 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, ეკლესიას 49 წლის განმავლობაში მეთაურობდა. მისი წინამძღოლობით, ეკლესია საბჭოთა კომუნისტური მმართველობის დროს რეპრესირებული ინსტიტუციიდან საქართველოს ყველაზე ძლიერ არასახელმწიფო ორგანოდ იქცა" - წერს "როიტერი". 

საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს აირჩიეს.