დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, რეგიონებში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულების სკრინინგი დაიწყო - მოქალაქეები, სრულიად უფასოდ ჩაიტარებენ: ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის), ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს, ასევე - არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევებს.

კამპანიის მიზანი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, დაავადების ადრეული გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა.

კვლევებს, ადგილზე, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით ჩაატარებს და 15 ნოემბრის ჩათვლით იქნება ხელმისაწვდომი.

სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება. კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე - მკურნალობის დაფინანსებას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ხოლო ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სრულად ან ნაწილობრივ, ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ფართო წვდომას საჭირო სერვისებზე.

მარტში გამოკვლევები ჩატარდება სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში, შემდეგ კი ეტაპობრივად, ქვეყნის სხვა რეგიონებში გაგრძელდება. დეტალური ინფორმაცია, კონკრეტული ქალაქებისა და თარიღების შესახებ, იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/4mXXV