ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით, მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „კოლორექტული კიბო - შესაძლებელია პრევენცია, მკურნალობა, დამარცხება“ გაიმართა.

ღონისძიება მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების საინფორმაციო კამპანიის - „ლურჯი მარტის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო პერსონალი და სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის კლინიკების ზოგადი პროფილის (ოჯახის) ექიმები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო ოჯახის ექიმებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის პროგრამის, პროგრამაში ჩასართავი კრიტერიუმების, არსებული სამედიცინო სერვისებისა და დაავადების განვითარების ფაქტორების შესახებ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ წარადგინა პრეზენტაცია: „კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა - სტატისტიკა, გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“, სადაც ვრცლად ისაუბრა ავთვისებიანი სიმსივნეების პრევენციაში სკრინინგის მნიშვნელობაზე.

კონფერენციას ოჯახის ექიმები, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, City Cancer challenge-ის თბილისის ოფისის, ასევე, პაციენტთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მარტი კოლორექტული კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედაა აღიარებული და მოიხსენიებენ, როგორც „ლურჯი მარტი“. სახელწოდებიდან გამომდინარე, ამ თვეს დაგეგმილი ღონისძიებები ლურჯი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც ხაზს უსვამს ამ კონკრეტული თემისადმი თანადგომას.

ტრადიციულად, მარტში, ეროვნული სკრინინგ ცენტრი საინფორმაციო კამპანიას ატარებს, რომელიც კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული მიმართვიანობა დაავადების შორსწასული ფორმებისა და ლეტალური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო (კოლორექტული კიბო) მსოფლიოში გავრცელების მხრივ, ყველა ტიპის სიმსივნეს შორის მე-3 ადგილზეა, ხოლო სიმსივნით გამოწვეული სიკვდილობის მხრივ - მე-2 ადგილზე. მსოფლიო სტატისტიკის იდენტურია საქართველოს სტატისტიკაც.

ყველაზე ხშირად კოლორექტული კიბო 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში გვხვდება. შესაბამისად, კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებსა და კაცებში უფასოა.

კვლევებზე ჩასაწერად დაუკავშირდით ეროვნულ სკრინინგ ცენტრს: 2 20 35 35. ცენტრის მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის N1; დიდუბე, ა. წერეთლის გამზ. N69; ვარკეთილი, კალოუბნის ქ. N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა.