„დაავადებათა სკრინინგის პროგრამას კიდევ ერთი  -  ფილტვის კიბოს სკრინინგი ემატება“, - განცხადება ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, გააკეთა და დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება  3 მილიონი ლარით განისაზღვრება.

როგორც ბექა მიქაუტაძემ განაცხადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ფილტვის კიბოს დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირთა სკრინინგი არის დაავადების ადრეული გამოვლენის წინაპირობა, დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება კი მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის სასურველი შედეგით დასრულების შესაძლებლობას.

„სწორედ დედაქალაქის დღევანდელი მერის, კახა კალაძის და მისი გუნდის პასუხისმგებლობის გამო აქვს დედაქალაქს შედეგები, რომლებიც მოქალაქეების ყოფის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

სკრინინგი გვეხმარება დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოვავლინოთ, მაშინ როდესაც მკურნალობა მეტად ეფექტურია. დედაქალაქის მერია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით საქმიანობას წარმატებით განაგრძობს, მთავარ პრიორიტეტად კი თანამოქალაქეებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა რჩება“,  -  განაცხადა ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს სხდომაზე.